სახლ-ოფისი
- კერნელი
- Apr 19, 2020
- 2 min read
სახლის ედემი

თითქმის ორი თვეა უკვე სახლში ვსხედვართ და ჯდომისგან წელ-კისერ-ფეხებ ატკიებული ვმუშაობთ. როგორ შეიძლება პროდუქტიული იყო, როდესაც ტკივილს განიცდი? თან, როგორც ბევრს ეგონა, თურმე სახლის ედემი თურმე არც თუ ისეთი პროდუქტიული გარემო ყოფილა. იქნება ეს ნიჟარაში ჩაყრილი სარეცხი, ახალი სერიალი, რომელსაც ძალიან გინდათ, რომ უყუროთ, სულ თხუთმეტი წუთით მეტი ძილი, რომელიც საათობით გრძელდება თუ ბავშვების ჭიჭყინი, თქვენი პროდუქტიულობა მუდმივად თავდასხმის ქვეშაა.
სამუშაო გარემო ყველას განსხვავებული გვაქვს, თუმცა მიზანი ერთი — ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები. ამისათვის კი ორი რამაა საჭირო — შემართება და ერგონომიული სივრცე. თქვენს თავში შემართების აღძვრა თქვენზე იყოს, ხოლო აი სივრცის მოწყობაში ჩვენც დაგეხმარებით.
რა არის ერგონომიული ოფისი
მარტივად რომ ვთქვათ, ესაა სახლში სპეციალურად გამოყოფილი სამუშაო სივრცე, რომელიც ყველა აუცილებელი ელემენტითაა აწყობილი და რომელიც რეგულარულ და კომფორტულ მუშაობას უწყობს ხელს.

უპირველესად — ნუ ჩასრიალდებით სავარძელში და ნახევრად მწოლიარე პოზას ნუ მიიღებთ, წამოჯექით, მხრები მოადუნეთ, 180 გრადუსიანი კუთხე დაიჭირეთ მონიტორსა და თვალებს შორის, კლავიატურასა და მკლავებს შორის კი 90 გრადუსიანი.
აქედან გამომდინარე, პროდუქტიული გარემოს საწყისი ელემენტი კომფორტული სკამი და სწორი სიმაღლის სამუშაო მაგიდაა. თუ კომპიუტერის ეკრანი საკმარისად მაღალი არაა, რომ თქვენს თვალებს გაუსწორდეს, უბრალოდ წიგნები ამოუდეთ ქვემოდან.
ახლა უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს მივხედოთ.
განსაზღვრეთ სივრცე
არავის არ უყვარს უაზროდ აქეთ-იქით სიარული, მით უმეტეს მუშაობისას. ამიტომ აუცილებელია სამუშაოდ სპეციალური სივრცე გამოყოთ, იქნება ეს ცალკეული მაგიდა თუ სამზარეულოს მაგიდის კუთხე. მთავარია გქონდეთ სივრცე, რომელიც მხოლოდ მუშაობასთან იქნება ასოცირებული და სადაც სხვა არაფერს არ გააკეთებთ. ეს ძალიან მიშვნელოვანია, რადგან ხშირად გარემოს მიერ აღძრული ასოციაციები პროკრასტინაციის მთავარი მიზეზია.
მოკლედ, აირჩიეთ ადგილი, რომელსაც სამუშაო სივრცეს დაარქმევთ და სხვა არაფერს. ამ სივრცეს ისე მოეპყარით, როგორც ნამდვილ ოფისს.
განათება

განათება მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ტიპის განათებები სხვადასხვა შეგრძნებებს აღვივებს. თუ ძალიან სუსტი განათება გექნებათ, მაშინ შეიძლება თვალები დაიზიანოთ, ან კლავიატურაზე ჩამოგეძინოთ, თუ ძალიან ძლიერი — ან ისევ და ისევ თვალებს დაიზიანებთ, ან არაკომფორტულად იგრძნობთ თავს.
თუ ხელოვნურ განათებას გსურთ, რომ მიმართოთ, თეთრ კაშკაშა ნათურებს მოერიდეთ. ნარინჯისფერი განათება სივრცეს სიმყუდროვეს მატებს და შესაბამისად უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს.
თუმცა, საუკეთესო გამოსავალი ფანჯარასთან ახლოს მდებარე სივრცის არჩევაა.
კომფორტული ბუნაგი
სივრცის მოწყობას, როგორც ერთჯერად მოვლენას, ნუ შეხედავთ. ეს მუდმივი პროცესია, რომელიც თქვენთან ერთად იცვლება. დღეს თუ სიჩუმეში გსიამოვნებთ მუშაობა, ხვალ შესაძლოა მუსიკის ფონზე უფრო გესიამოვნოთ და ფირსაკრავი დაიდგათ, ან სხვანაირი განათება მოგინდეთ, ან თაროებისა და პუფების დამატება. როგორც აღმოჩნდა, სამუშაო სივრცეში მცენარეების განთავსება გაბედნიერებასთან ერთად, უფრო პროდუქტიულსაც გვხვდის.
მთავარია ამ სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნოთ და ისეთ ელემენტებს მოერიდოთ, რომლებიც პროკრატინაციულ მესიჯებს გზავნიან.
მაგიდა მოაწესრიგეთ

ტელეფონი, წყალი, წიგნები, კალმები…რა საგნები გჭირდებათ სამუშაოდ და მუშაობისას მარტივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად? ტელეფონის ხელში აღება და ფეისბუკის გვერდის ჩასქროლვა ერთ-ერთ ყველაზე დიდი ცდუნებაა, რომელსაც მუშაობისას განიცდით, ამიტომ ან სხვა ოთახში დატოვეთ, ან ინტერნეტი და ხმა გამოურთეთ.
სამუშაო მაგიდაზე დატოვეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც მუშაობისას გჭირდებათ ან უბრალოდ კომფორტის დონეს გიზრდით.
ადექი-დაჯექი-ადექი…
არ დაგავიწყდეთ, რაც არ უნდა გამართულ და სწორ პოზაში გქონდეთ კიდურები, ხანგრძლივი ჯდომა საზიანო და არაეფექტურია. საათში ერთხელ ხუთი წუთით ადექით, გაიარ-გამოიარეთ, ბუქნები გააკეთეთ, აივანზე გადით. მთავარია ცოტა ხანი ფეხზე იდგეთ. ამასთან ერთად, თვალებიც გაავარჯიშეთ. კომპიუტერთან როდესაც სხედხართ თვალი მხოლოდ მცირე ზომის რადიუსზე მოძრაობს, რის შედეგადაც მარტივად იღლება.
Comments