top of page
  • Writer's pictureკერნელი

როგორ გამოითვლება წმინდა მოგება?

კომპანიისთვის მოგება-ზარალის ანგარიშგება იგივეა, რაც სკოლის მოსწავლისთვის ნიშნების ფურცელი.

სანამ სტატიაზე გადავალთ, ერთ კარგ ამბავს გახარებთ. კერნელის გუნდმა წმინდა მოგების კალკულატორი შევქმენით, რომლის მეშვეობითად სულ რამდენიმე წუთში ააგებ შენი კომპანიის მოგება-ზარალის უწყისს და გაიგებ თუ რამდენია წმინდა მოგება.


გადადი ლინკზე და გამოთვალე შენი კომპანიის წმინდა მოგება ჩვენი მარტივი კალკულატორის გამოყენებით. სკოლაში ყველას გვივლია და ვიცით, თუ რა არის ნიშნების ჟურნალი, ნიშნების ფურცელი. მასწავლებელი რომ იწერდა ხოლმე ქულებს და სემესტრის ბოლოს რომ აჯამებდა აი ამ ჟურნალს ვგულისხმობთ.


რა შუაშია ნიშნების ჟურნალი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ, კომპანიისთვის, მოგება-ზარალის უწყისი იგივეა, რაც ჩვენთვის ნიშნების ჟურნალი იყო. წმინდა მოგება, კი ამ ქულების საშუალო შეწონილი, ანუ ის რისთვისაც მთელი სემესტრი (საბუღალტრო პერიოდი) ვიშრომეთ. მართლაც, ამ დოკუმენტში იწერება, თუ რა, რა რაოდენობით და რა ფასად გაყიდა კომპანიამ და რამდენი და რაში დახარჯა. ბოლოს კი, ეს ყველაფერი ჯამდება და ვნახულობთ შემდეგ კლასში გადავიდა თუ არა კომპანია. თუ წმინდა მოგება დადებითა, მაშინ გადასულა, თუ არა და ჩარჩენილა.


სერიოზულად რომ ვთქვათ, მოგება-ზარალის უწყისში, კომპანიის საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები დეტალურადაა ჩაშლილი, რაც დროის ამა თუ იმ პერიოდის ფინანსურად გაანალიზების საშუალებას გვაძლევს. ზუსტად აქ იპოვი ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა გავიდა კომპანიიდან, რა შემოვიდა და საბოლოოდ რა ოდენობის წმინდა მოგება დარჩა.


ხსენებული უწყისის გარეშე ვერ გავიგებთ, კომპანია მომგებიანია თუ არა, რადგან მის გარეშე წმინდა მოგება ვერ გვეცოდინება. ის კი ნებისმიერი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა.


ამიტომ, ამ სტატიაში დეტალურად აღვწერთ, თუ როგორ დგება მოგება-ზარალის უწყისი და პარალელურად ძალიან საინტერესო და მარტივ ციფრულ ხელსაწყოებსაც გაგაცნობთ, რომელთა მეშვეობითად სულ რამდენიმე წუთში შეძლებ მთლიანი უწყისის შედგენას.


რა არის მოგება-ზარალის უწყისი?


მოგება-ზარალში იწერება ყველაფერი, რაც ხარჯებსა და შემოსავლებს ეხება. ზუსტად ამიტომ, ამ უწყისს მიმართავენ ხოლმე, როდესაც სურთ გაიგონ, თუ რამდენად მომგებიანი იყო ესა თუ ის პერიოდი.


როგორც წესი, მას ყოველი თვის, კვარტლის ან/და წლის ბოლოს ადგენენ და მოცემული უწყისის გვერდით წინა ორი პერიოდით უწყისსაც დაურთავენ ხოლმე, რომ პერიოდების მიხედვით კომპანიის ფინანსური მგრომარეობა მარტივად შეადარონ.


ერთ მარტივ ფორმულაში რომ მოვაქციოთ მთელი უწყისი, აი ასეთი რამე იქნება:


შემოსავლები - ხარჯები = მოგება


უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, შემოსავლისა და ყველა ხარჯის გამოკლებით დასაბეგრი მოგება მიიღება. თუ გადასახადებს იხდი, მაშინ მოგებას გადასახადის მოცულობა უნდა გამოაკლდეს ამ რიცხვს, რის შემდეგაც უკვე წმინდა მოგებას მიიღებ.


ეს უწყისი მეტი არაფერია, თუ არა ამ სამი ელემენტის დეტალური ჩაშლა. ახლა უცებ ვთქვათ, თუ რატომ არის ეს უწყისი მნიშნელოვანი, და შემდეგ უშუალოდ უწყისის ელემენტებს მივხედოთ.


რატომ უნდა მოამზადო მოგება-ზარალის უწყისი?


როგორც ვთქვით, ეს უწყისი საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რაც შემდეგი ტიპის ინფორმაციას გვაწვდის.


  • რა გზით იღებს კომპანია შემოსავალს

  • რაში ხარჯავს კომპანია ფულს

  • მომგებიანია თუ არა კომპანია

იმისათვის, რომ გაიგო რამდენად მომგებიანია შენი კომპანია და რა შედეგებს მიაღწიე განვლილი პერიოდების მანძილზე აუცილებლად უნდა იქონიო ეს დოკუმენტი.

შიდა მოხმარებას რომ გავცდეთ. მოგება-ზარალის უწყისი, იმ დოკუმენტთაგანია, რომელსაც ინვესტორი აუცილებლად მოგთხოვს, თუ შენი კომპანიით სერიოზულადაა დაინტერესებული. ინვესტორი იქნება ეს, თუ სხვა ტიპის აუდიტი, ეს უწყისი ყოველთვის დაგჭირდება.

ამასთანავე ეს ბევრს ამბობს შენი კომპანიის ჯანზაღ ბუღალტრულ სისტემასა და მოწესრიგებულობაზე, რაც, როგორც ინვესტორისთვის, ასევე პოტენციური პარტნიორებისთვისაც დიდად მიმზიდველია.


რა შედის მოგება-ზარალის უწყისში?


სანამ უწყისის შედგენაზე გადავალთ და მოგება-ზარალის ანალიზს შევუდგებით, მნიშნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ელემენტები შედის ამ უწყისში და რაც ნიშნავს თითოეული მათგანი.


მოდი, ყოველი ელემენტი განვმარტოთ:


  • შემოსავლები/გაყიდვები: შემოსავლებში შედის ის ფული, რომელიც შენს ბიზნესში გაყიდვების შედეგად შემოვიდა. არა მხოლოდ პროდუქციის, არამედ უძრავი ქონების, ტრანსპორტის ან აღჭურვილობის გაყიდვაც აქ შედის.


  • რეალიზებული საქონლის თვითღრებულება (რსთ): მხოლოდ იმიტომ, რომ პროდუქტს 10 ლარად ყიდი, არ ნიშნავს, რომ შენი მოგება 10 ლარის ტოლია. ამ პროდუქტის საწარმოებლად, ხომ ფული დახარჯე? ვთქვათ 6 ლარი. ზუსტად აი ეს დახარჯული 6 ლარია საქონლის თვითღირებულება. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება კი შემდეგი მარტივი ფორმულით გამოითვლება:


რსთ

=

საწყის მარაგებს + შესყიდული მარაგები - საბოლოო მარაგები


  • მთლიანი მოგება: ესაა სხვაობა კომპანიის გაყიდვებსა და რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას შორის.


  • საოპერაციო ხარჯები: საოპერაციო ხარჯია ყველა ის ხარჯი, რომელიც ბიზნეს ოპერაციების განსახორციელებლად გაიწია და რსთ-ში შესული არ არის. როგორც წესი, საოპერაციო ხარჯებია ისეთი ხარჯები, როგორებიცაა: ქირის ხარჯი, კომუნალური ხარჯები, ადმინისტრაციული ხელფასები, მარკეტინგის ხარჯები, ქონების გადასახადი და ა.შ. მოკლედ, მთელი ის ფული, რომელიც ბიზნესის ოპერაციებზე იხარჯება. საოპერაციო ხარჯები, ფაქტობრივად, გვეუბნება, თუ რა რაოდენობით ფული გვჭრდება, რომ ბიზნესმა იფუნქციონიროს.


  • საოპერაციო მოგება: ესაა სხვაობა მთლიან მოგებასა და საოპერაციო ხარჯებს შორის.


  • მოგება საპროცენტო ხარჯამდე, მოგების გადასახადებამდე, ცვეთამდე და ამორტიზაციამდე (EBITDA): ამ რიცხვის მისაღებად საოპერაცო მოგებას უნდა გამოვაკლოთ არასაოპერაციო და ყველა სხვა ხარჯები, რომლებიც არც რსთ-ში შესულა და არც საოპერაციო ხარჯებში.


  • ცვეთა და ამორტიზაცია: ძველი დანადგარები, შენობები, ავეჯი, აღჭურვილობა, ნელ-ნელა ფუჭდება და რაღაც დროის შემდეგ გამოსაცვლელი ან შესაკეთებელი ხდება. ღირებულების აი ამ პერიოდულ კლებას, ცვეთის ხარჯი ეწოდება. ამორტიზაცია კი იგივე ცვეთაა, ოღონდ არამატერიალური აქტივების.


  • მოგება საპროცენტო ხარჯამდე და მოგების გადასახადამდე (EBIT): ეს არის EBITDA-ს გამოკლებული ცვეთა და ამორტიზაცია.


  • წმინდა მოგება: წმინად მოგება მიიღება EBIT-ს, საპროცენტო ხარჯებსა და მოგების გადასახადის სხვაობით და გვეუბნება, თუ რამდენი ფული დარჩა კომპანიას, მას შემდეგ, რაც ყოველი ტიპის ხარჯი გაისტუმრა.


მაგალითი


ახლა კი ვნახოთ თუ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში ყველაფერი, რაც აქამდე ვისაუბრეთ.


გიორგი, ერთი თვის წინ დაფუძნებული, კომპანია “ალფას” დამფუძნებელია და ჯერ-ჯერობით ბუღალტერი აყვანილი არ ჰყავს, თუმცა იცის, რომ ფინანსური უწყებების შედგენა ძალიან მნიშნელოვანია. ამიტომ, გადაწყვიტა, ჩვენი სტატიის მეშვეობით, თავად შეადგინოს მოგება-ზარალის უწყისი.


უპირველესად, გიორგი ადგება და წინა თვის ტრანზაქციულ დოკუმენტებს შეაგროვებს, ანუ ინვოისებს, ჩეკებს, საბანკო ამონაწერებს და ა.შ. ტრანზაქციულ დოკუმენტში იგულისხმება კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის აღმწერი დოკუმენტი.


ჩვენი აპლიკაციით სულ ერთ წუთში შეგიძლია ამ დოკუმენტის მომზადება, თანაც უფასოდ.


აპლიკაციაში შეხსენებების სისტემაც ჩაშენებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი გადაუხდელი ინვოისი არ გამოგეპარება, რადგან ჩვენ ყოველთვის დროულად გამოგიგზავნით ხოლმე შეხსენებას.


ამასთან ერთად, ამავე აპლიკაციაში არსებული ანალიტიკური ხელსაწყოს მეშვეობით, დინამიკურ რეჟიმში შეგეძლება შემოსავლებისა და ქეშის მოძრაობისთვის თვალის დევნება.


აპლიკაციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მოგვწერე, ან იხილე ხშირად დასმული შეკითხვები.


ამ დოკუმენტების შეგროვების შემდეგ, გიორგი მათ დაახარისხებს და უწყისის შედგენას შეუდგება.


ჩვეულებრივ ამ უწყისს რაიმე საბუღალტრო პროგრამაში ან MS Excel-ში აგებენ ხოლმე, თუმცა ჩვენ უმარტივესი ხელსაწყო შევქმენით, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შეგაქმნევინებს მას. აი შეხედე. ჩავთვალოთ, რომ გიორგიმ ყველაფერი შეაგროვა და უწყისის აგება დაიწყო.

აი როგორი მარტივია. ჩვენ მხოლოდ რიცხვების შეყვანა დაგვჭირდა, დანარჩენი ყველაფერი კი კალკულატორმა გამოგვითვალა, მათ შორის: მთლიანი მოგება, მოგება ცვეთამდე, საოპერაციო მოგება, წმინდა მოგება და მოგების მარჟა.


ასე, რომ გადადი შემდეგ ბმულზე და გამოიყენე ჩვენი უფასო წმინდა მოგების კალკულატორი.


მოგების გადასახადის დასათვლელი კალკულატორიც გვაქვს, რომლის წამებში გამოგითვლის მოგების გადასახადს. იქვე კიდევ ბევრ სხვა საინტერესო კალკულატორსაც იპოვი.

როგორ წავიკითხოთ მოგება-ზარალის უწყისი?


ახლა ზემოთ მოცემული უწყისის გაანალიზებაზე ვისაუბროთ.


წარმოიდგინე, რომ ყველაფერი, რაც აქ წერია, შემდეგ სამ კატეგორიაში თავსდება


  • შემოსავალი - ეს ის ფულია, რომელიც ამა თუ იმ პრეიოდში შენს კომპანიაში შემოვიდა.

  • ხარჯები - ეს ის ფულია, რომელიც ამა თუ იმ პერიოდში შენი კომპანიიდან გავიდა.

  • წმინდა მოგება - ეს ის რიცხვია, რომელიც გეუბნება ამა თუ იმ პერიოდში შენმა ბიზნესმა ფული მიიღო თუ დაკარგა.


ყველაფერი სხვა, რაც ამ უწყისში წერია, ამ სამი კატეგორიის ქვე კატეგორიაა.


აი ასე წარმოვიდგინოთ. ჯერ ვწერთ კომპანიაში საიდან და რა რაოდენობით შემოვიდა ფული. შეიძლება რამდენიმე გზით შემოვიდა და ამიტომ ეს სექცია ქვე-სექციებად ჩაიშლება.


შემდეგ ვწერთ რა დაგვიჯდა იმ საქონლის წარმოება, რომელიც გავყიდეთ. ესაა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელშიც უშუალოდ საქონლის წარმოებაზე დახარჯული ფული შედის.


ამის შემდეგ მიღებულ შემოსავლებსა და გაყიდული საქონლის თვითღრებულებას ერთმანეთს გამოვაკლებთ და მივიღებთ საერთო მოგებას.


შემდეგ მოდის საოპერაციო ხარჯების ნაწილი. აქ ისეთ ხარჯებს ვაჯამებთ, რომლებით ბიზნესის ოპერაციების განსახორციელებად გავწიეთ: მაგ. რეკლამა, სახელფასო ხარჯები, ქირა, კომუნალური ხარჯები, ქონების გადასახადი და ა.შ.


შემდეგ საერთო მოგებას ამ ხარჯებსაც გამოვაკლებთ და მივიღებთ საოპერაციო მოგებას.


ამის შემდეგ კი ისეთი გარდამავალი ელემენტები მოდის, როგორიცაა ცვეთა, ამორტიზაცია, საპროცენტო ხარჯი/შემოსავალი, და ა.შ


ბოლოს საოპერაციო მოგებას ამ ყველაფერსაც გამოვაკლებთ და მივიღებთ წმინდა მოგებას.


კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ვიწყებთ იმით, თუ რამდენი ფული შემოვიდა ბიზნესში. შემდეგ თუ რამდენი ფული გავიდა და ბოლოს რამდენი დაგვრჩა.


მადლობა! ძალიან მაგარ სტატიებს გამოგიგზავნით ხოლმე.

შემოუერთდი ჩვენს ყოველკვირეულ ბლოგს!

bottom of page