როგორ გამოითვლება მთლიანი მოგების მარჟა?
- კერნელი
- Oct 21, 2020
- 3 min read
Updated: Nov 5, 2020
რაც უფრო მაღალია მთლიანი მოგების მაჩვენებელი, მით უფრო მეტი ფული რჩება კომპანიას გაყიდვების ყოველი ერთი ლარიდან.

უპირველესად, გახარებთ, რომ მთლიანი მოგების მარჟის კალკულატორი შევქმენით, რომელიც წამებში გამოგითვლის ყველაფერს.
გადადი ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე მთლიანი მოგების მარჟის კალკულატორი.
მთლიანი მოგება ესაა სხვაობა კომპანიის გაყიდვებსა და გაყიდული პროდუქციის თვითღირებულებას შორის. თვითღირებულება ესაა თანხა, რომელიც უშუალოდ საქონლის წარმოებაზე დაიხარჯა. ქვემოთ უშუალოდ მაგალითზე ვნახავთ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წარმოების პირდაპირ ხარჯად.
ხანდახან, პროცენტული სახითაც გამოსახავენ ხოლმე მას, რომ გაიგონ, გაყიდვების რა ნაწილს შეადგენს მთლიანი მოგება. ამისათვის ზემოთ ხსენებულ სხვაობას, გაყიდვებთან აფარდებენ და 100-ზე ამრავლებენ.
რაც უფრო მაღალია მთლიანი მოგების მაჩვენებელი, კომპანიას მით უფრო მეტი ფული რჩება გაყიდვების ყოველი ერთი ლარიდან.
ამასთანავე სასურველი მთლიანი მოგების მარჟის დადგენით კომპანია უფრო მარტივად დააფასოებს თავის პროდუქტებს.
აი, მაგალითს შევხედოთ.
როგორ გამოითვლება მთლიანი მოგება და მისი მარჟა?
მთლიანი მოგების გამოსათვლელად შემდეგ ფორმულას ვიყენებთ:
მთლიანი მოგება
=
გაყიდვები - გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება
თუ პროცენტული მაჩვენებლის მიღება გვსურს, მაშინ ამ ყველაფერს მთლიან გაყიდვებთან შევაფარდებთ და 100-ზე გავამრავლებთ:
მთლიანი მოგების მარჟა %
=
(გაყიდვები - გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება) / გაყიდვები * 100
ან მეორეგვარად:
მთლიანი მოგების მარჟა %
=
(პროდუქციის ფასი - პროდუქტის თვითღირებულება) / პროდუქტის ფასი *100
მაგალითი განვიხილოთ და თუ რაიმე გაუგებარია, ახლავე ცხადი გახდება.
მაგალითი
მოდი, ისეთი მაგალითი ავიღოთ, რომ ორივე ტიპის მთლიანი მოგების დათვლა შევძლოთ.
კომპანია “ალფა” მაისურებს აწარმოებს. 2018 წლის შედეგებით, 10 000 მაისურის, თითოს 40 ლარად, გაყიდვის შემდეგ, შემოსავლებმა/გაყიდვებმა 400 000 ლარი შეადგინა. გაყიდული პროდუქციის თვითღირებულებამ კი 325 000 ლარი.
“ალფას” პროდუქციის თვითღირებულება შემდეგ ნაწილებად შეიძლება ჩაიშალოდ:
ქსოვილი - 150 000
საღებავი - 50 000
საკერავ დანადგარზე დახარჯული ელექტრო ენერგია - 25 000
მკერავებისთვის ანაზღაურება - 100 000
რეალურად, ასეთი ჩაშლა ფორმულისთვის არაა საჭირო, თუმცა აუცილებელია იცოდე, თუ რა შედის პროდუქტის თვითღირებულებაში.
ახლა აინტერესებთ, თუ რა არის მათი მთლიანი მოგება, როგორც რიცხვობრივი, ასევე პროცენტული სახით.
ჯერ პირველი ფორმულა გამოვიყენოთ:
მთლიანი მოგება = 400 000 - 325 000 = 75 000
გამოვიდა, რომ 400 000 ლარის გაყიდვებიდან მათ მთლიანი მოგების სახით მხოლოდ 75 000 ლარი დარჩათ. ახლა პროცენტული მაჩვენებელი გავიგოთ:
მთლიანი მოგების მარჟა = (400 000 - 325 000) / 400 000 * 100 = 18.75%
ესეიგი, კომპანია “ალფას” მთლიანი მოგება გაყიდვების 18.75% პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მაისურის გაყიდვიდან კომპანიის მთლიანი მოგება 40 ლარის 18.75%-ს შეადგენს.
ახლა უკვე გვესმის, თუ რა არის მთლიანი მოგების მარჟა. ამიტომ მოდი მის პრაქტიკულ გამოყენებაზე გადავიდეთ.
ვთქვათ, კომპანია "ალფამ" იცის, თუ რა უჯდება პროდუქტის დამზადება, თუმცა არ იცის რა ფასი უნდა დაადოს, რომ 18.75%-იან მთლიანი მოგების მარჟაზე გავიდეს.
ვთქვათ, მას თითო მაისურის დასამზადებლად შემდეგი ხარჯების გაწევა უწევს:
ქსოვილი - 15
საღებავი - 5
საკერავ დანადგარზე დახარჯული ელექტრო ენერგია - 2.5
მკერავებისთვის ანაზღაურება - 10
სასურველი ფასი
=
გასაყიდი პროდუქციის თვითღრებულება / (100% - მთლიანი მოგების სასურველი მარჟა)
ჩვენს მაგალითში ასე იქნება:
სასურველი ფასი = 32.5 / (100% - 18.75%) = 40
ანუ, იმისათვის, რომ "ალფას" მთლიანი მოგების მარჟამ 18.75% შეადგინოს, მან თითო მაისური 40 ლარად უნდა გაყიდოს.
საბედნიეროდ, ამ გამოთვლების ჩატარება თავად აღარ მოგიწევს. გადადი ლინკზე და გამოიყენე მთლიანი მოგების მარჟის კალკულატორი, რომელიც, როგორც სასურველ ფასს, ასევე მთლიანი მოგების მარჟასა და ფასნამატსაც გამოგითვლის.
აი შეხედე:

ჩავწერეთ, ჩვენთვის საასურველი მოგების მარჟა, 18.75% და ერთეულის ხარჯი. რის შემდეგაც კალკულატორმა ყველაფერი გვითხრა.
რა არის ფასნამატი?
კალკულატორში ასევე სასურველი ფასნამატის მიხედვითათ შეგიძლია სასურველი გასაყიდი ფასისა და მოგების გამოთვლაც. ამისათვის, "მინდა გამოვთვალო"-ს ველში "ფასნამატის მიხედვით" უნდა აირჩიო.
ფასნამატი მთლიანი მოგების მარჟისგან ერთი პატარა დეტალით განსხვავდება. მისი ფორმულა შემდეგია:
ფასნამატი %
=
(გაყიდვები - გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება) / გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება * 100
როგორც გახსოვს, მთლიანი მოგების მარჟის შემთხვევაში, სხვაობას გაყიდვებთან ვაფარდებდით. ფასნამატის შემთხვევაში კი გაყიდული პროდუქტიის თვითღირებულებასთან ვაფარდებთ. თუ მთლიანი მოგების მარჟა გვეუბნებოდა, თუ გაყიდვების თითო ლარიდან რამდენი მოგება გვრჩებოდა, ფასნამატი გვეუბნება, თუ პროდუქციის დასამზადებლად ყოველ დახარჯულ ლარზე დამატებით რამდენი ლარი მოვიპოვეთ.
რას გვეუბნება მთლიანი მოგების მარჟა?
ალფას მაგალითზე, 18.75%-იანმა მაჩვენებელმა გვითხრა, რომ კომპანიას, გაყიდვების ყოველი ლარიდან 18.75 თეთრი რჩება. დანარჩენი, 81.25 თეთრი კი პროდუქტის თვითღირებულებაა.
გრძელვადიან პერიოდში, ეს მაჩვენებელი კომპანიის ზრდის ტემპზეც გვაძლევს ინფორმაცია. თუ 2017 წლის ბოლოს, კომპანია ალფას მთლიანი მოგების პროცენტული მაჩვენებელი 15%-ი იყო, მაშინ 2018 წლის გაზრდილ მაჩვენებელზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ზრდა განიცადეს.
コメント