top of page
Writer's pictureკერნელი

როგორ გამოითვლება ცვეთა?

Updated: Dec 3, 2020

დროთა განმავლობაში ყველაფერი ცვდება

სანამ სტატიას დავიწყებთ, გახარებთ, რომ კალკულატორი შევქმენით, რომელიც, შენთვის სასურველი მეთოდით, წამებში დაგითვლის აქტივების ცვეთას. გადადი ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე ჩვენი ცვეთის კალკულატორი უფასოდ.

საღი აზრის დონეზე ყველას გვესმის, რომ დროთა განმავლობაში, ნივთები ღირებულებას კარგავს. აშკარაა, რომ ორი წლის წინ ნაყიდი ფეხსაცმლის ღირებულება დღეს გაცილებით დაბალია. რატომ? იმიტომ, რომ გაცვდა.


საბუღალტრო ცვეთაც ზუსტად ესაა - დროის განმავლობაში ძირითადი საშუალებების ღირებულების კლება. ძველი დანადგარები, შენობები, ავეჯი, აღჭურვილობა, ნელ-ნელა ფუჭდება და რაღაც დროის შემდეგ გამოსაცვლელი ან შესაკეთებელი ხდება. ღირებულების აი ამ პერიოდულ კლებას, ცვეთის ხარჯი ეწოდება და ოპერაციულ ხარჯებში გადის. რაც ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ რის შედეგად ცვდება ესა თუ ის საშუალება.


შესაბამისად, ცვეთადია ყველა საშუალება, რომელიც ოპერაციებში გამოიყენება და შეზღუდული ექსპლუატაციის ვადა გააჩნია.


კითხვაზე, თუ რატომაა საერთოდ ცვეთის აღრიცხვა მნიშვნელოვანი, გიპასუხებთ - იმიტომ, რომ არაფერი არ ძლებს სამუდამოდ. რაღაც მომენტში ყველაფრის გამოცვლა/შეკეთება მოგიწევს. ცვეთა გამოცვლის მომენტის დადგენასთან ერთად, გეხმარება გაიგო, თუ რამდენად კარგად გამოიყენე ესა თუ ის საშუალება, ახლა რა ღირებულების მატარებელია და რამდენად შეგიძლია მისი გაყიდვა.


ასე, რომ არ დაიზარო, ბოლომდე ჩაიკითხე სტატია და დაიწყე შენი ძირითადი საშუალებების ცვეთის აღრიცხვა.


ცვეთის სამი ძირითადი მეთოდი


ცვეთის უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა ამ სტატიაში სამ ყველაზე მნიშვნელოვან მოდელს გაგაცნობთ:

  • წრფივი მეთოდი

  • კლებადი ნაშთის მეთოდი

  • გამომუშავებულ ერთეულთა მეთოდი

თითოეულზე სათითაოდ განვიხილავთ მაგალითს, ჩვენი კალკულატორის გამოყენებით.


წრფივი მეთოდი


ამ მეთოდის დროს, ცვეთადი აქტივი ყოველ პერიოდში ერთსა და იმავე ოდენობით იცვითება. წრფივ მიდგომას, ძირითადად, ისეთი აქტივების მიმართ იყენებენ, რომლებსაც მეტნაკლებად თანაბრად მოაქვთ ეკონომიკური სარგებელი მოხმარების მთელი ვადის განმავლობაში.


წრფივი ცვეთის მეთოდის გამოყენების დროს ცვეთის წლიური ნორმის გასაგებად შემდეგ ფორმულას ვიყენებთ:


ცვეთის წლიური ნორმა

=

(თვითღირებულება − ნარჩენი ღირებულება) / სასარგებლო მომსახურების ვადა


მაგალითი


ავიღოთ 25 000 ლარის ღირებულების დანადგარი, 8 წლიანი ფუნქციონირების სავარაუდო ხანგრძლივობითა და 0-ოვანი ნარჩენი ღირებულებით. ანუ 8 წლის შემდეგ მისი გაყიდვა რომ მოგვინდეს მისი ღირებულება 0 ლარი იქნება.


ვნახოთ, აბა როგორ დაგვეხმარება ჩვენი კალკულატორი ამ აქტივის ცვეთის გამოთვლაში.

ჯერ ცვეთის მეთოდი ავირჩიეთ, შემდეგ კი გამოყოფილ გრაფებში უბრალოდ მოცემული ინფორმაცია შევიყვანეთ და იმ წამსვე მივიღეთ პასუხი.


გამოდის, რომ ეს დანადგარი, ყოველ წელს, 3,125 ლარის ცვეთის ხარჯს წარმოშობს, ყოველ თვე კი 260.42 ლარის.


რვა წლის განმავლობაში წლიური ცვეთის შემთხვევაში აი ასეთ გრაფიკს მივიღებდით. ყოველ წელს 3125 ლარით შემცირდება დანადგარის ღირებულება და მერვე წლის ბოლოს 0-ს გაუტოლდება.

კლებადი ნაშთის მეთოდი


კლებადი ნაშთის მეთოდი ცვეთის ერთი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დადგენასა და შემდეგ, ყოველ წელს, ძირითადი საშუალების ამ პროცენტით გაცვეთას გულისხმობს. პირველ წელს აქტივის თვითღირებულების მიხედვით, ხოლო შემდგომში საბალანსო, ანუ ცვეთა-დაკლებული, ღირებულებით.


ამ მეთოდს ისეთი აქტივებისთვის იყენებენ ხოლმე, რომლებიც მომსახურების პირველ წლებში იძლევიან დიდ ეკონომიკურ სარგებელს და მორალურად და ფიზიკურად მეტად ცვდებიან.


აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი საპროცენტო განაკვეთის დადგენაა, რომელსაც უნივერსალური ფორმულა არ აქვს და ყოველი კომპანია ყოველ აქტივზე ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველაზე ხშირად 100%-ს მთლიანი ექსპლუატაციის პერიოდზე ყოფენ და ასე იგებენ საპროცენტო განაკვეთს.


ხღიად, ორმაგ და სამმაგ კლებად მეთოდებსაც იყენებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ 100%-ის პრედიოდების რაოდენობაზე გაყოფის შემდეგ მიღებულ განაკვეთს. 2-ზე ან 3-ზე ამრავლებენ. თუმცა, საქართველოში მხოლოდ ერთმაგი კლების მეთოდის გამოყენებაა დაშვებული.


უშუალოდ ცვეთს გამოთვლის ფორმულა შემდეგია:


პერიოდული ცვეთის ხარჯი

=

საწყისი საბალანსო ღირებულება x ცვეთის განაკვეთი


მაგალითი


ისევ 25 000 ლარის ღირებულების დანადგარი გვაქვს, რომლის გამოყენებასაც 10 წლის განმავლობაში ვაპირებთ.


ისევ ჩვენი კალკულატორი გამოვიყენოთ.

კიდევ ერთხელ. ჯერ, ცვეთის მეთოდი ავირჩიეთ, შემდეგ კი მოცემული ინფორმაცია შევიყვანეთ და გავიგეთ ორივე, თვიური და წლიური ცვეთა.


დააკვირდი, რომ კლების ფაქტორში 1-იანი ჩავწერეთ, რადგან ერთმაგ კლებით მეთოდს ვიყენებთ. ორმაგის შემთხვევაში აქ უბრალოდ 2-იანს ჩავწერდით.


ახლა ვიზუალურად შევხედოთ, როგორ იცვითება დანაგდარი 10 წლის განმავლობაში, როდესაც ამ მეთოდს ვიყენებთ.

გამოვიდა, რომ ცვეთის ამ მეთოდის გამოყენების დროს დანადგარის ნარჩენი ღირებულება ნულს არასდროს უტოლდება.


გამომუშავებულ ერთეულთა მეთოდი


ეს მეთოდი აქტივის, წარმოების შესაძლებლობის მიხედვით, ცვეთას ითვალისწინებს. ანუ, იმის მიხედვით გაიცვითება აქტივი, თუ რამდენი პროდუქტის წარმოება შეუძლია და უკვე რამდენი აწარმოა.


ფორმულა შემდეგია:


ცვეთის ხარჯი

=

(წარმოებული ერთეულების რაოდენობა / წარმოებადი ერთეულების რაოდენობა) x (თვითღირებულება − ნარჩენი ღირებულება)


მაგალითი


ისევ, 25 000 ლარის ოდენობის დანადგარი ავიღოთ, რომელსაც 100 მილიონი ერთეული წარმოება შეუძლია, ჯერ მხოლოდ 4 მილიონი აწარმოა და რომლის ნარჩენი ღირებულებაც 0-ის ტოლია.


ჩვენი კალკულატორი ამ ყველაფერს წამებში დაგვითვის.

ჯერ ცვეთის მეთოდი ავირჩიეთ, შემდეგ კი საჭირო ინფრმაცია შევიყვანეთ და იმ წამსვე გავიგეთ ცვეთის სიდიდე მოცემულ პერიოდზე.


ახლა გრაფიკი ვნახოთ. ოღონდ ჯერ ვთქვათ, შემდეგ წლებში, რამდენი პროდუქტი აწარმოა. ვთქვათ:


1 წელი - 4 მლნ.

2 წელი - 13 მლნ.

3 წელი - 12 მლნ.

4 წელი - 16 მლნ.

5 წელი - 15 მლნ.

6 წელი - 10 მლნ.

7 წელი - 30 მლნ.

როგორც გრაფიკზე ჩანს, ცვეთის ხარჯის სიდიდე პროდუქციის სიტიდიდის პარალელურია.


ამ ყველაფერზე საათების დახარჯვა რომ არ მოგიწიოს, გადადი ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე ჩვენი ცვეთის კალკულატორი უფასოდ.

Comments


მადლობა! ძალიან მაგარ სტატიებს გამოგიგზავნით ხოლმე.

შემოუერთდი ჩვენს ყოველკვირეულ ბლოგს!

bottom of page