კრიზისის შემდეგ…
- კერნელი
- Apr 26, 2020
- 3 min read
Updated: Aug 11, 2020
ახალი ნორმალური სამყარო ძველი ნორმალურისგან განსხვავებული იქნება

ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის კორონავირუსი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა ყველაზე ტრავმატული გამოცდილებაც კია. პანდემია, როგორც პიროვნულ ისე სოციუმის დონეზეც შეგვეხო და ბევრი რამე შეცვალა. მართალია, ახლა რთულია დაიჯერო, მაგრამ ერთ დღესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და შეძლებისდაგვარად ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. თუმცა, ყველაფერი ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო.
ასეთი მასშტაბის ეგზისტენციალური საფრთხე უკვალოდ არ ქრება, ზოგი ეფექტი მოკლევადიანი იქნება, ზოგიც გრძელვადიანი. აღსანიშნავია, რომ ეს კრიზისი თავისი ბუნებით უნიკალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეფექტების უპრეცედენტო იქნება:
გლობალური — განმარტებიდან გამომდინარე, პანდემია, ყველას ეხება, მიუხედავად ლოკაციისა და სოციალური სტატუსისა. მართალია, კოვიდ-19 წინა ფრონტზე მომუშავეთ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, მაგრამ ბიზნესის მფლობელებები და მენეჯერებიც არ არიან კოვიდ-რეზისტენტულნი. თანამედროვე სამყაროს ბევრი უბედურება გადაუტანია, მაგრამ ადამიანთა ასეთი განურჩევლობა არცერთს არ ახასიათებდა.

განგრძობადი — მიწისძვრების, ცუნამებისა და ქარბორბალებისგან განსხვავებით, ვირუსული პანდემია განგრძობადია. ეს ყველაფერი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ჯერ ბოლოც არ უჩანს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვირუსი, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ პანდემიურ ბუნებას დაკარგავს, მაგრამ თავად დედამიწის ზურგიდან არასდროს გაქრება.
სისტემის დამანგრეველი — კორონავირუსმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი მუშაობისა და ზოგადად ცხოვრების სტილი. ფაქტობრივად, ჩვენი ცხოვრების უკლებლივ ყველა ელემენტს შეეხო. ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მიწოდება შეფერხებულია, სკოლებმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლეს. რაც ადრე უბრალო და მარტივ რამედ გვეჩვენებოდა, მაგალითად კინოში წასვლა და ფილმის ყურება, ახლა მიუწვდომელია.
არაიგნორირებადი — 2008 წლის კრიზისის თუ ავსტრალიის დიდი ხანძრის დროს მედია (ნებისმიერი სახის) მხოლოდ ერთ თემაზე კონცენტრირებული არ იყო და სხვა სიახლეებსაც აშუქებდა. აბა ახლა გადართეთ ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს, და მოუსმინეთ რაზე საუბრობენ.
ბიზნესში რაღა შეიცვლება? მოდით, დღეს აი ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან გამომდინარე, ბიზნესის პოტენციურ ტრანსფორმაციაზე ვისაუბროთ.

კორპორაციული მოქნილობა
ადამიანები უცბად შეეგუენ სახლიდან მუშაობას და დაინახეს, რომ თურმე ყოველ დღე ოფისებში სიარული საერთოდ არაა საჭირო და რომ სახლიდანაც მშვენივრად მუშაობენ. პანდემიის დასრულების შემდეგ კომპანიები იძულებულნი იქნებიან უფრო მოქნილი სამუშაო გარემო შექმნან და ვირტუალური მუშაობის წესი, ნაწილობრივ მაინც, შემოიღონ. ამერიკაში გალოპის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამუშაო ძალის 54% მზადაა პანდემიის შემდეგაც სახლიდან გააგრძელოს მუშაობა.
ამას გარდა, კომპანიებისთვისაც მომგებიანი იქნება მუშაობის ასეთი სტილი, რადგან საოფისე და ტრანზაქციული დანახარჯები შეუმცირდებათ. მოქნილობა კომპანიების ახალი მანტრა გახდება და ადამიანებს დისტანციურად მუშაობის ალტერნატივა გაუჩნდებათ.
სახლ-ოფისი
ბევრს უოცნებია სახლში ტახტზე ტკბილად წამოგორებულსა და უდარდელს ემუშავა და ალბათ ბევრსაც ეგონა, რომ იქ, იმ ტახტზე უფრო პროდუქტიული იქნებოდა, ვიდრე სამსახურში პატარა ოფისში გამომწყვდეული. ბოლოს და ბოლოს თავის რეჟიმს თავად შეიმუშავებდა — იმდენი ხანი იძინებდა რამდენსაც მოისურვებდა, ოჯახის გარემოცვაში იქნებოდა და მოკლედ, თავს კომფორტულად იგრძნობდა — მაგრამ, ახლა, როდესაც რეალურად გამოგვკეტეს სახლებში, თურმე სახლის ედემი არც თუ ისეთი პროდუქტიული გარემო ყოფილა, როგორც გვეგონა.

იქნება ეს ნიჟარაში ჩაყრილი სარეცხი, ახალი სერიალი, რომელსაც ძალიან გინდათ, რომ უყუროთ, სულ თხუთმეტი წუთით მეტი ძილი, რომელიც საათობით გრძელდება თუ ბავშვების ჭიჭყინი, თქვენი პროდუქტიულობა მუდმივად თავდასხმის ქვეშაა. სახლში მუშაობისა და უსაქმურობის გამიჯვნა რთულია რაღაცაა.
ამას გარდა არც ტექნიკურად ვიყავით სახლიდან მუშაობისთვის მზად — ზოგს ზუმი არ ჰქონდა, ზოგს ლეპტოპი, ზოგს კამერა, მიკროფონი და რაც ყველაზე მთავარია, წესიერი ინტერნეტი.
მაგრამ, ახლა უკვე გამოცდილნი ვართ ამ ყველაფერში და თუ პანდემიის შემდეგაც სახლში დარჩენას გადავწყვეტს, ყველაფერი წესრიგში იქნება. სახლებში უკეთესი ინტერნეტები გვექნება, სამუშაოდ ცალკე გამოყოფილი სივრცე, უკეთესი კომპიუტერები და ა.შ. მოკლედ სახლში გადმოვიტანთ ჩვენი სამსახურის ყოველ ელემენტს, მათ შორის ოფისებსაც.

ოფისი — სოციალური კლუბი
თუ მაინც ოფისში დაბრუნება მოგიწევთ, მაშინ იცოდეთ, რომ ოფისშიც ბევრი რამე შეცვლილი დაგხვდებათ. სავარაუდოდ სოციალური დისტანცირებისა და ტემპერატურის გაზომვის წესები ჯერ კიდევ ძალაში იქნება და კაი ხანი არ მოიხსნება. მაგრამ, როდესაც მოხსნიან, ადამიანურ ინტერაქციას მონატრებული ხალხი ოფისს ერთ დიდ საკომუნიკაციო კლუბად გადააქცევს.
საკონფერენციო დარბაზების, ვიდეო სტუდიებისა და შეკრების სხვა ადგილების რიცხვი გაიზრდება. ოფისი აქტიურ სოციალურ გარემოდ გადაიქცევა და აღარ იქნება „ოფისში შევიკეტები და მთელი დღე მარტო ვიქნები“ ადგილი. კორონავირუსმა დიდად მოგვანატრა ადამიანებთან ურთიერთობა და უფრო მეტად დაგვაფასებინა სოციალური ინტერაქციები. შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერიოდში მან ადამიანები დააახლოვა.

ბიუროკრატია შემცირდება
ზრდასა და განვითარებასთან ერთად ბიზნესების ბიუროკრატიული ფენების რაოდენობაც იზრდება, რაც სტანდარტიზაციასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. მაგრამ ამ ყველაფერს ხშირად მოქნილობისა და ეფექტურობის ვარდნა მოყვება. კოვიდის კრიზისმა ბევრი კომპანია აიძულა, თავიანთი ბიუროკრატიული ლაბირინთები მოეშალათ, რომ კრიზისის დასაძლევად აუცილებელი მოქნილობა მოეპოვებინათ. მეტიც, ბევრმა კომპანიამ დელეგირების სისტემას მიმართა, რაც თანამშრომელთა მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს.
ძალიან საინტერესო იქნება პოსტ-კორონა ეპოქა. დაველოდოთ და ვნახოთ რამდენად მოგვეწონება.
Comments