ნულოვანი მოგების წერტილი
- კერნელი
- Oct 2, 2020
- 2 min read
Updated: Dec 3, 2020
როგორ უნდა გაიგო შენი რა ფასი უნდა დაადო ან რა რაოდენობით უნდა გაყიდო შენი პროდუქტი?

სანამ სტატიას დავიწყებთ, ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. ნულოვანი მოგების წერტილის დასათვლელად დროის დახარჯვა აღარ მოგიწევს. კალკულატორი შევქმენით, რომელიც წამებში გამოგითვლის ყველაფერს.
გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე ნულოვანი მოგების წერტილის კალკულატორი.
რა არის ნულოვანი მოგების წერტილი?
ნულოვანი მოგების წერტილი, ეს არის შემოსავლის მოცულობა ან გაყიდვების რაოდენობა, რომელიც საჭიროა მთლიანი ხარჯების - ანუ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების სრულად დასაფარად.
მისი ორი ფორმულა არსებობს. ერთის მეშვეობით ვიგებთ, ამა თუ იმ ფასად, რამდენი ერთეულის გაყიდვა მოგვიწევს, რომ ნულოვან მოგებას მივაღწიოთ. მეორე კი, გვეუბნება თუ, კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის რა ფასად გაყიდვა მოგვიწევს, იმავე მიზნის მისაღწევად.
თითქოს ეს ორი რამ ერთსა და იმავე ინფორმაციას გვაწვდის - ორივე გვეუბნება, თუ რა შრომის გაწევა მოგვიწევს ხარჯების დასაფარად - თუმცა როგორც ქვემოთ ავხსნით, მათ სულ სხვადასხვა გამოყენება აქვთ.
როგორ გამოითვლება ნულოვანი მოგების წერტილი?
როგორც ვთქვით, ორი ფორმულა არსებობს, გასაყიდი საქონლის რაოდენობის გამოსათვლელი და ფასის გამოსათვლელი. მოდი, ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ თითოეული.
გასაყიდი ერთეულების რაოდენობის გამოსათვლელად ფიქსირებული ხარჯები უნდა გავყოთ ერთეულის შემოსავლისა და ცვლადი ხარჯების სხვაობაზე.
ფიქსირებული ხარჯები, ეს ის ხარჯებია, რომლებიც მუდმივია და წარმოების რაოდენობასთან არ არის დაკავშირებული - ანუ არ იზრდება თითოეული ერთეული პროდუქციის გამოშვებისას მაგ: ოფისის ქირა, (ფიქსირებული) ხელფასები, (ოფისის) კომუნალური გადასახადები და ა.შ.
ცვლადი ხარჯები ერთეულების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგ: ნედლეული, ტრანსპორტირება, (საათობრივი ან ცვლადი) ხელფასები, წარმოებასთან დაკავშირებული კომუნალურები და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში, მხოლოდ ერთეულის დასამზადებლად გაწეული ცვლადი ხარჯების რაოდენობა გვაინტერესებს.
ნულოვანი მოგების წერტილი (რაოდ.)
=
ფიქსირებული ხარჯები / (ერთეულის ფასი – ერთეულის ცვლადი ხარჯი)
ნულოვანი მოგების დონის მისაღწევად ერთეულის ფასის გამოსათვლელად ფიქსირებულ ხარჯებს ვუმატებთ მთლიან ცვლად ხარჯებს და ვყოფთ პროდუქტის რაოდენობაზე.
ნულოვანი მოგების წერტილი (ფასი)
=
(ფიქსირებული ხარჯები + ერთეულის ცვლადი ხარჯი * ერთეულების რაოდენობა) / ერთეულების რაოდენობა

მაგალითი
კომპანია “ალფა” აგურებს ყიდის. მისი ფიქსირებული ხარჯების ჯამი 100 000 ლარის ტოლია. ერთეულზე ცვლადი ხარჯები 2 ლარია, ხოლო ერთი აგურის ფასი 12 ლარი. რამდენი აგური უნდა გაყიდოს კომპანია “ალფამ” რომ ნულოვანი მოგების წერტილს მიაღწიოს? პირველი ფორმულა გამოვიყენოთ.
“ალფას” ნულოვანი მოგების წერტილი (რაოდ.) = 100 000 / (12 - 2 ) = 10 000
გამოვიდა, რომ “ალფამ” 10 000 აგური უნდა გაყიდოს, რომ თავისი ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები დაფაროს.
რა მოხდებოდა, თუ “ალფამ” უკვე იცის რამდენი აგურის გაყიდვა შეუძლია და აინტერესებს თითოეულს რა ფასი უნდა დაადოს, რომ ნულოვან მოგებაზე გავიდეს. დავუშვათ, რომ 10 000 აგურის გაყიდვა უნდა. აქ უკვე მეორე ფორმულას ვიყენებთ. ჯერ ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს ვკრებთ.
ფიქსირებული ხარჯები + მთლიანი ცვლადი ხარჯები
=
100 000 + 10 000 * 2 = 120 000
ახლა გამოვთვალოთ, თუ რა ფასი უნდა დაადოს ერთ აგურს.
“ალფას” ნულოვანი მოგების წერტილი (ფასი.)
=
120 000 / 10 000 = 12
ესეიგი, იმისათვის, რომ კომპანია “ალფამ” თავისი ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები დაფაროს და ნულოვან მოგებაზე გავიდეს, თითოეული აგური 12 ლარად უნდა გაყიდოს.
ახლა ვნახოთ თუ როგორ გამოითვლება ეს ყველაფერი ჩვენი კალკულატორით.

ჯერ ავირჩიეთ, თუ რისი გაგება გვინდა, რამდენი უნდა გავყიდოთ, თუ რა ფასად უნდა გავყიდოთ, რომ ნულოვან მოგებას მივაღწიოთ.
თუ რაოდენობის გამოთვლა გვინდა, მაშინ ერთეულის ფასს, ცვლად ხარჯსა და მთლიან ფიქსირებულ ხარჯებს შევიყვანთ და კალკულატორი გვეტყვის, თუ რამდენი ცალი უნდა გავყიდოთ. თუ ფასის გამოთვლა გვინდა, მაშინ ერთეულის ცვლად ხარჯს, გასაყიდ რაოდენობასა და მთლიან ფიქსირებულ ხარჯებს ჩავწერთ და გავიგებთ, თუ რა ფასი უნდა დავადოთ ერთეულს.
გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე ნულოვანი მოგების წერტილის კალკულატორი.
Comments