როგორ შევქმნათ ინვოისი ერთ წუთში კერნელის აპლიკაციით
- კერნელი

- Sep 21, 2020
- 3 min read
ინვოისების გამოწერაში აწი დროს აღარ დახარჯავ.

წარმოიდგინე აუარებელი ფინანსური დოკუმენტაცია, ციფრული თუ ფიზიკური, რომელიც დახარისხებასა და გაანალიზებას მოითხოვს. ფინანსებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის ამდენი რიცხვისა და დოკუმენტის წარმოდგენაც კი მტკივნეულია. ბუღალტრებისთვის ეს ყოველდღიური რუტინაა.
ასეა თუ ისე, ფინანსებთან შეჭიდება უზადოდ დიდ ნებისყოფას, დროსა და ენერგიას მოითხოვს. ალბათ, ამ საქმის გამარტივებაზე არც ბუღალტერი იტყოდა უარს და არც – არა-ბუღალტერი.
რას იტყოდი, რომ გვეთქვა, საერთოდ არ არის აუცილებელი, ეს პროცესი ასეთი დამღლელი და მტკივნეული იყოს და რომ ძალიან მარტივი გამოსავალიც არსებობს? ალბათ, გაგიხარდება და იკითხავ, რა გამოსავალზე ვსაუბრობთ.
მაგრამ, სანამ ამაზე გადავალთ, მოდი, ჯერ არსებულ პრობლემაზე ვისაუბროთ.
ფინანსური ინფორმაცია მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ მონაცემები ეფექტურად მართო, ორი რამაა აუცილებელი: თანმიმდევრულობა და მუდმივობა. ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე, ბიზნესის წამოწყების პირველივე დღიდან, ჯანსაღი ბუღალტრული ჩვევები უნდა შეიძინო და გამართული, ორგანიზაციული სტრუქტურა შეიმუშავო.
ამისათვის სამი რამ დაგჭირდება:
ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა
ტრანზაქციული დოკუმენტები
საბუღალტრო პროგრამა.
ანგარიშთა გეგმაში უნდა გაწერო, დაასათაურო და დაახარისხო ბიზნესის საქმიანობაში მონაწილე ყოველი ფინანსური ჯგუფი და მათი ცვლილებები.
ფინანსური ჯგუფების ცვლილებების აღსარიცხად ტრანზაქციული დოკუმენტებია საჭირო, ანუ ინვოისები. ამ მონაცემების მენეჯმენტი, არა მხოლოდ ფინანსებში გაუთვითცვნობიერებელი ადამიანისთვის, არამედ პროფესიონალი ბუღალტრებისთვისაც რთული და დამღლელია, რადგან უზადოდ დიდი ინფორმაციის დამუშავებასა და ორგანიზებას გულისხმობს.
ინვოისი მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებული გარიგების აღმნიშვნელი კომერციული დოკუმენტია, რომელშიც ტრანზაქციის პირობებია მოცემული.
ცხადია, ამ დოკუმენტების გარეშე კომპანიის ფინანსების ეფექტიანად მართვა შეუძლებელია. თუმცა, მთელი თავისტკივილი ისაა, რომ გამოსაწერი ინვოისების რაოდენობა და, შესაბამისად, მათ გამოწერაზე დახარჯული დრო, კლიენტების ზრდასთან ერთად მატულობს.
ინვოისებთან დაკავშირებული პროცესი მხოლოდ მათი გამოწერა-გაგზავნით როდი მთავრდება. გაგზავნის შემდეგ აუცილებელია იმის კონტროლი, გადაიხადეს თუ არა ის. ამის შემდეგ კი, გადახდილი, გადაუხდელი და დავალიანებული ინვოისების დახარისხება-აღრიცხვა მოდის.
ალბათ ხვდები, რამხელა ბუღალტრულ საქმეზეა საუბარი.
ეს პრობლემა თავად გამოგვიცდია და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, დიდი თავისტკივილია ინვოისირება და საბაზრო ტრანზაქციებისთვის თვალის დევნება.
ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, რომელიც ამ პროცესს უზადოდ უმარტივებს როგორც ბუღალტრებს, ასევე ფინანსებში გაუთვითცნობიერებელ ანტრეპრენერებსაც.
კერნელის აპლიკაცია ბუღალტრული თავისტკივილის წინააღმდეგ
ჩვენი კონცეფცია, ისევე, როგორც თავად აპლიკაცია, ძალიან მარტივია – შექმენი ინვოისები სულ რაღაც ერთ წუთში, მიიღე მზა ბუღალტრული ინფორმაცია და თვალი ადევნე ქეშის მოძრაობასა და ვალდებულებებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. აპლიკაციაში საგადასახადო კალკულატორებსაც იპოვი, რომელთა მეშვეობითაც ყოველი გადასახადის წამებში გამოთვლას შეძლებ.
ახლა დეტალურად გაგაცნობთ, როგორ მუშაობს კერნელის პლატფორმა.
ზემო ლინკზე გადასვლისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ გვერდზე აღმოჩნდები.

ეს შენი მთავარი გვერდია. აქედან აკონტროლებ გამოწერილ ინვოისებს და თვალს ადევნებ ფულის მიმოქცევას. მარცხენა სანავიგაციო ველში რამდენიმე გვერდია:
კლიენტები – სადაც შეგიძლია ნახო და დაამატო კლიენტები ინვოისში მარტივად გადასატანად.
რეპორტები – სადაც შეგიძლია თვალი ადევნო ფულის მიმოქცევასა და შემოსავლებს. ამ სექციას ექსპორტის ფუნქციაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი მონაცემების სრულად გადმოწერა შეგიძლია.
კალკულატორები – სადაც ჩვენს საგადასახადო კალკულატორებს იპოვი, რომელთა მეშვეობითაც წამებში გამოთვლი საქართველოში არსებულ ოთხ ძირითად გადასახადს: დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ); მოგებისა და დივიდენდის გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი (საპენსიო დანაზოგიც აქვე გამოითვლება) და ქონების გადასახადი.
პროფილი – სადაც შენი პირადი ინფორმაცია ინახება. გირჩევთ, რომ თავიდანვე შეავსო ყველა საჭირო ველი, რადგან აქ დამატებული ინფორმაცია ინვოისებში ავტომატურად გამოჩნდება და ბევრ დროს დაზოგავ.
ახლა კი, დავაკლიკოთ ღილაკს, “შექმენი ინვოისი”, და საქმეს მივხედოთ.
გირჩევთ, რომ ინვოისის შექმნამდე “პროფილის” გვერდზე არსებული ინფორმაცია სრულად შეავსო და “კლიენტების” გვერდიდან კლიენტი დაამატო. ამის შემდეგ, შენი ყოველი ინვოისი უკვე დიდწილად შევსებული დაგხვდება და უფრო ნაკლებ დროს დახარჯავ თითოეულის შექმნაზე.
ამ სტატიაში იმასაც ავხსნით, როგორ იქმნება ინვოისი კერნელის აპლიკაციის მეშვეობით.
როგორ იქმნება ინვოისი კერნელის აპლიკაციის მეშვეობით
ინვოისის გამოწერისას, უპირველესად, შენი, როგორც გამყიდველის, ინფორმაცია უნდა შეავსო. თუ ეს ინფორმაცია “პროფილის” გვერდზე უკვე შეავსე, მაშინ აქ ყველაფერი გადმოტანილი დაგხვდება. თუ არა, მაშინ დააჭირე ღილაკს და შეიყვანე. ეს ინფორმაცია “პროფილის” გვერდზე შეინახება და შემდეგ ინვოისებში ავტომატურად გამოჩნდება.
შევსების შემდეგ ეს ველი ასე უნდა გამოიყურებოდეს:

შემდეგ, ინვოისის გამოწერისა და გადახდის დეტალები უნდა მიუთითო, კერძოდ: გამოწერისა და გადახდის თარიღები, გადახდის პირობა და ვალუტა, რომელშიც უნდა განხორციელდეს ინვოისში მითითებული თანხის გადახდა.
ახლა კლიენტის დამატების დროა. თუ “კლიენტების” გვერდზე უკვე დამატებული გყავს კლიენტი, მაშინ აქ საძიებო ველის გამოყენებით ავტომატურად შეგიძლია მათი მოძებნა. ახალი კლიენტის დასამატებლად დააჭირე ღილაკს “კლიენტის დამატება”.

კლიენტის დამატების შემდეგ, საბანკო ინფორმაცია უნდა შეავსო. წინა ველების მსგავსად, თუ ეს ინფორმაცია “პროფილის” გვერდზე უკვე შევსებული გაქვს, მაშინ ყველა ინვოისში ეს ველი ავტომატურად შევსებული დაგხვდება. თუ არა, მაშინ დააჭირე ღილაკს და შეავსე (აქ შევსებული ინფორმაციაც ავტომატურად ინახება და შემდეგ ინვოისებშიც გამოჩნდება).

შემდეგ ველში ინვოისის ნივთების დეტალები უნდა შეიყვანო: დასახელება, ერთეული, ფასი და რაოდენობა. ფასისა და რაოდენობის ჩაწერის შემდეგ ნივთების ჯამური ღირებულება ავტომატურად გამოითვლება.
აქვე შეგიძლია დამატებითი ღირებულების განაკვეთის მართვაც.

ბოლო ველი, ფუტერი, სტანდარტული ტექსტით უკვე შევსებულია. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია შეცვალო.

შენი ინვოისი მზადაა!
ახლა დააჭირე ისარს ღილაკ “შენახვის” მარჯვენა კუთხეში და აირჩიე ინვოისის გადმოწერა გსურს, უბრალოდ შენახვა, თუ კლიენტისთვის გაგზავნა.
როგორც უკვე ვთქვით, შექმნილი ინვოისებისა და ფულის მოძრაობის ნახვა-კონტროლი მთავარი გვერდიდან შეგიძლია.
ახლა დროა, კერნელის აპლიკაცია თავად გამოსცადო. გადადი ამ ლინკზე და შექმენი შენი პირველი ინვოისი!




Comments