ანალიზს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ, ვიდრე მართვას
PESTEL ანალიზი (უწინ ცნობილი, როგორც PEST ანალიზი) ხელსაწყოა, რომელიც მაკრო გარემო ფაქტორების გაანალიზებისა და მონიტორინგის საშუალებას გაძლევთ. მას განსაკუთრებით ხშირად ახალი ბიზნესის შექმნისა და უცხოურ ბაზარზე შესვლისას იყენებენ SWOT ანალიზსა და პორტერის ხუთ ძალასთან ერთად. PESTEL იშიფრება როგორც:
პოლიტიკური (Political)
ეკონომიკური(Economic)
სოციალური (Social)
ტექნოლოგიური (Technological)
ბუნებრივი (Environmental)
საკანონმდებლო (Legal)
წლების განმავლობაში ამ აბრივიატურას კიდევ ბევრი ელემენტი მიამატ-ჩამოაკლეს, მაგალითად: დემოგრაფიული, ეთიკური, ეკოლოგიური და ა.შ, რის შედეგადაც სხვადასხვა ვარიაციები მივიღეთ — STEEPLED; DESTEP; SLEPIT და ა.შ. ეს საქმეს უაზროდ ართულებს და ალბათ ჯობია ისევ PESTEL-ს დავჯერდეთ, ამ სტატიის ფარგლებში მაინც, და მისი თითო ელემენტი მიმოვიხილოთ.
პოლიტიკური ფაქტორები
ეს ფაქტორები ძირითადად იმას ეხება, თუ რამდენად ხშირ და აგრესიულ ჩარევებს ახორციელებს ხელისუფლება ეკონომიკაში ან კონკრეტულ ინდუსტრიაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი სახის გავლენა რაც კი შეიძლება ხელისუფლებამ იქონიოს თქვენს ბიზნესზე აქ შედის, მაგალითად: პოლიტიკური სტაბილურობა თუ არასტაბილურობა, კორუფცია, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა, გადასახადები, გარემოს დაცვის პოლიტიკა, საბაზრო შეზღუდვები, შრომითი უფლებები და ა.შ. ამას გარდა პოლიტიკა ერის განათლების სისტემასაც დიდწილად აკონტროლებს, ისევე როგორც ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვის რეგულაციებს. ბაზარზე შესვლისას ეს ფაქტორებიც უნდა მიიღოთ მხედველობაში.
ეკონომიკური ფაქტორები
აქ ეკონომიკის სიჯანსაღესა და ეფექტურობას ვუყურებთ. ამ ფაქტორებში შედის: ეკონომიკური ზრდის ტემპი, გაცვლითი კურსი, ინფლაციის დონე, საპროცენტო განაკვეთი, საშუალო შემოსავალი, უმუშევრობის დონე და ა.შ. ამ ყველაფერზე სტატისტიკური მაჩვენებლების მოსაძიებლად Geostat.ge-ის პლატფორმის გამოყენებას გირჩევდით. ამ ფაქტორებმა შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა იქონიოს თქვენს ბიზნესზე, რადგან ისინი მომხმარებლების მსყიდველობით უნარზე პირდაპირ მოქმედებს, ანუ პროდუქტის ფასებზე გვერდულად.
სოციალური ფაქტორები
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტულ ეკონომიკაში მონაწილე სოციუმის დემოგრაფიული მახასიათებლები, ნორმები, წეს-ჩვეულებები, ღირებულებები და სხვ. აქ ისეთ ინდიკატორებს უნდა შეხედოთ, როგორიცაა: მოსახლეობის ზრდის ტემპი, ტრენდები, ასაკობრივი ჯგუფები, შემოსავლების გადანაწილება, კარიერული დამოკიდებულებები, უსაფრთხოებისადმი და ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება, ცხოვრების წესი, კულტურული ბარიერები და ა.შ. ეს ფაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარკეტერებისთვის, რადგან ყოველ სოციუმს სხვადასხვა ენაზე უნდა ელაპარაკო.
ტექნოლოგიური ფაქტორები
ოდესმე გიფიქრიათ, თუ, ტექნოლოგიის კუთხით, რამდენად ინოვაციურია ესა თუ ის ბაზარი? აი მაგალითად, ღვინის ბაზარი ინოვაციურია? ალბათ, ნაკლებად.
კომპიუტერული ტექნიკის ბაზარი? ალბათ, კი. ეს იმიტომ, რომ ღვინის დასამზადებლად გამოყენებული ტექნოლოგიები და თავად ღვინის მახასიათებლები დიდ ცვლილებასა და ინოვაციას არ ექვემდებარება. მაშინ, როდესაც კომპიუტერული ბაზარი მთლიანად ინოვაციებზეა დამყარებული. ეს ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან დიდწილად განაპირობებს მის ზრდის ტემპს, კონკურენციას, საბაზრო ბარიერებსა და პატენტებზე ლეგალურ შეზღუდვებს. ამიტომ, აუცილებელია წინასწარ გამოიკვლიოთ, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს თქვენს ბიზნესზე და გაქვთ თუ არა საკმარისი რესურსები, რომ ინოვაციურ ტალღას შეუერთდეთ.
ბუნებრივი ფაქტორები
ამ ბოლო დროს წინ წამოიწია ამ ფაქტორებმა. ეს იმიტომ, რომ ბუნებრივი ნედლეულის მარაგი მცირდება და კომპანიები დასწრებაზე არიან. ამას გარდა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებასაც დიდ ყურადღებას აქცევენ. ისეთი ეკოლოგიური და ბუნებრივი გარემოებები, როგორიცაა ამინდი, კლიმატური ცვლილებები, მიწის ნაყოფიერება, საზღვაო საზღვარი და ა.შ, დიდად მნიშვნელოვანია ტურიზმის, მეურნეობისა და სადაზღვეო ინდუსტრიებისთვის. თანაც, გლობალურმა დათბობამაც უამრავი კომპანია აიძულა სოციალური პასუხისმგებლობა აეღო და რაღაც გზით დაბინძურება შეემცირებინათ, რაც დამატებით ტექნოლოგიურ ინოვაციასა და ხარჯებს მოითხოვს.
საკანონმდებლო ფაქტორები
ამ ფაქტორებს დიდი გადაკვეთა აქვს პოლიტიკურთან, თუმცა დამატებით ისეთ ელემენტებს მოიცავენ, როგორიცაა: დისკრიმინაციული კანონები, მომხმარებლის უფლებების დამცველი კანონები, პატენტები, სადაზღვეო კანონები და ა.შ. ცხადია კომპანია თავისი ინდუსტრიისა და ბაზრის ლეგალურ მხარეში გარკვეული იყოს, რომ წარმატებით და ეთიკურად წარმართოს ვაჭრობა. ამიტომ, ყოველთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას თავისი იურისტი ჰყავდეს.
ეს არის და ეს. გააანალიზეთ ყველაფერი, არ დაგეზაროთ და დაიმახსოვრეთ — ფიქრს, კვლევასა და ანალიზს ბიზნესის მართვაზე ორჯერ მეტ დროს უნდა უთმობდეთ.
Comments