ციფრული მარკეტინგის საწყისები - ნაწილი II
- კერნელი
- Jul 14, 2020
- 2 min read
Updated: Jul 28, 2020
დატესტეთ, დატესტეთ, დატესტეთ

წინა სტატიაში ციფრული მარკეტინგის განმარტებასა და სახეობებზე ვისაუბრეთ. ახლა კი მოდით უშუალოდ ციფრული მარკეტინგის პრაქტიკა განვიხილოთ და ვნახოთ თუ როგორ და რისთვის იყენებენ მას ბიზნესები და როგორ წარმართავენ ამ პროცესს.
რას აკეთებენ ციფრული მარკეტერები?
ციფრულ მარკეტერებს ორი დიდი დავალება აკისრიათ — ბრენდის ხილვადობისა და კლიენტების რაოდენობის გაზრდა. ამ მიზნებს ისინი ორივე, უფასო და ფასიანი, გზებით აღწევენ. ამ გზებში შედის: სოციალური მედია, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ციფრული რეკლამირება და მოკლედ ყველაფერი, რაზეც წინა ნაწილში ვისაუბრეთ.
მარკეტერები ქმნიან ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას, ანუ გეგმას თუ როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ხელსაწყოები. თუმცა, დაგეგმვა და განხორციელება საკმარისი არ არის. მთავარი ხომ შედეგებია? შედეგები როგორ უნდა გავზომოთ? ამისათვის მარკეტერები ადგენენ ეგრეთ წოდებულ — შეფასების ძირითად ინდიკატორებს (KPIs). რაღაც მიზანი თუ არ აიღე, ისე ხომ ვერ შეაფასებ პროცესის წარმატებულობას. აი მაგალითად, ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება იყოს გაყიდვების ზრდა ან სოციალური მედიის გვერდის გამომწერების რიცხვის ზრდა, ვებგვერდზე ორგანული თრეფიქის ზრდა და ა.შ. ინდიკატორების გარეშე მარკეტინგული სტრატეგიის წარმატებულობას ვერ განსაზღვრავთ. დაფიქრდით, ჭამის დროს რა არის თქვენი KPI? გამძღრობის რაღაც დონე. თუ მოცემულმა საკვებმა ამ დონემდე ვერ მიგიყვანათ, ანუ თავისი ფუნქცია კარგად ვერ შეასრულა და მომავალში სხვა რამე უნდა მიირთვათ. ასევეა მარკეტინგული სტრატეგიაც. KPI-ები გვიჩვენებს თუ რამდენად წარმატებული იყო ესა თუ ის სტრატეგია.
ეს ციფრული მარკეტერების ძირეული ფუნქციებია. მსხვილ კომპანიებში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. აი წინა სტატიაში მარკეტინგის ტიპები რომ ჩამოვთვალეთ, ყოველ მაგ სახეობას შეიძლება თავისი ცალკეული მენეჯერი ჰყავდეს. მაგალითად:

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მენეჯერი, ქონთენთის მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი და ა.შ. თითოეული ამ მიმართულების დეტალური ახსნისთვის შეგიძლიათ აი ამ სტატიას მიაკითხოთ — “ციფრული მარკეტინგის საწყისები I”.
ყველა კომპანიას სჭირდება ციფრული მარკეტინგი?
არ არსებობს კომპანია, რომელსაც ციფრული მარკეტინგი რამეში მაინც არ გამოადგება. არ აქვს მნიშვნელობა, რას ყიდი, სად ყიდი და რამდენად ყიდი, ციფრული მარკეტინგის მეშვეობით მაინც ყოველთვის უფრო მეტ პოტენციურ კლიენტს მიაწვდენ ხმას. რატომ? იმიტომ, რომ ციფრულ სამყაროში ამის გაკეთება გაცილებით მარტივი, იაფი და ეფექტურია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიამ ციფრული მარკეტინგის ერთნაირი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.
რაში სჭირდება კომპანიას ციფრული მარკეტინგი?
ტრადიციული მარკეტინგული კამპანიებისგან განსხვავებით, ციფრული მარკეტინგის შედეგების ნახვა მარტივია, რადგან მონაცემები უკეთესად იწერება. მაგალითად: ჟურნალში რომ გამოაქვეყნოთ რეკლამა, ხომ ვერანაირად ვერ მიხვდებით რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ის? და მით უმეტეს ვერ მიხვდებით რამდენი კლიენტი შემოგემატათ მაგ რეკლამის მეშვეობით. აი სოციალურ ქსელში რომ გაგეშვათ რეკლამა, მაშინ ყოველდღიურად შეძლებდით ამ რეკლამის მუშაობის პროცესისთვის თვალის დევნებას. უფრო კონკრეტული მაგალითისთვის ვებგვერდის თრეფიქი ავიღოთ:
ანალიტიკის სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით (მაგ. Google Analytics), თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, თუ როდის, ვინ, საიდან, როგორ და სად შევიდა თქვენს ვებ-გვერდზე. ეს ინფორმაცია მარკეტინგული ხელსაწყოების ოპტიმალურად გამოყენებასა და პრიორიტეტების დასახვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ დაინახეთ, როგორ თქვენს გვერდს მეტწილად დაუოჯახებელი, 20–30 წლის ასაკის მამაკაცები სტუმრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ეს სეგმენტი თქვენი პოტენციური კლიენტების მთავარი აუზი იყოს. ამიტომ, არ იქნება ურიგო, თუ ამ სეგმენტზე მარკეტინგს გაამძაფრებთ, ან დატესტავთ მაინც. ან და, თუ დაინახეთ, რომ თქვენს საიტზე არსებული რომელიღაც სტატია სხვებზე უკეთ მუშაობთ, მაშინ ალბათ ლოგიკური იქნება, თუ მომავალშიც ამ სტატიის მსგავს თემებზე დაწერთ.

ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ, მარკეტინგი ზუსტი მეცნიერება არაა. ხშირად რთულია გაიგო, თუ რატომ მუშაობს ესა თუ ის ელემენტი (მაგ. სტატია ან პოსტი) სხვებზე უკეთ. რას უნდა მივაწეროთ მისი წარმატებულობა? კარგ მარკეტინგს? საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას? სტატიის თემატიკას? თუ გუგლისა და ფეისბუკის ამოუცნობელი ალგორითმების კაპრიზებს?
ძალიან ძნელია ამის გაგება. თუმცა, ანალიტიკური ხელსაწყოების მეშვეობით მიახლოებით პასუხამდე მაინც მიხვალთ. ამიტომაა, რომ ციფრული მარკეტინგი „ცდისა და შეცდომის“ პრინციპზე დგას — დატესტეთ, დატესტეთ, დატესტეთ. ყველაფერი გამუდმებით უნდა ტესტოთ, რომ რაღაც ღირებულს მიაგნოთ.
Comments