რჩევები - როგორ დავიცვათ ბიზნესი კორონას ეპოქაში
- კერნელი
- Mar 1, 2020
- 3 min read
Updated: Jul 21, 2020
ადაპტირდი. განვითარდი. გადარჩი.

პირდაპირები ვიყოთ — რთული სიტუაციაა. ბიზნესებს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებს, ცოტა ხანი (ან დიდი ხანი) ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დაყაროთ და ხელჩაქნეული ელოდოთ თქვენი ბიზნესის სიკვდილს. პირიქით, დროა ადაპტირდეთ მოცემულ რეალობასთან, რომ არ გახდეთ ბუნებრივი გადარჩევის მსხვერპლი.
ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ არსებული ეკონომიკური რეცესია ჯერჯერობით დეპრესიაში არ გადაზრდილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესებს გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვთ.
სამი მომაკვდინებელი შოკი
რეცესია ხშირად სამი სახის შოკის შედეგია — მიწოდების, მოთხოვნისა და ფინანსურის. პანდემიის დროს კი ეკონომიკა სამივე რისკის წინაშე დგას.

ხალხი სამსახურს კარგავს, ხელფასი უმცირდებათ, სახლიდან გასვლის ეშინიათ ა.შ. ეს მოთხოვნის შოკია — მომხმარებლები უბრალოდ აღარ და ვეღარ ყიდულობს იმდენს, რამდენსაც ადრე. შედეგად ბიზნესები იძულებულნი არიან ნაკლები პროდუქტი აწარმოონ, რაც, ბუნებრივია, შემოსავლებს შეამცირებს. შედეგად, თანამშრომლებს ითხოვენ, ხელფასს უნახევრებენ, დროებით ათავისუფლებენ და ა.შ. ამას ემატება კიდევ სახელმწიფოების მიერ შემოღებული რეგულაციებიც. ფინანსურ ბაზარზე კი რაც ხდება ძალიან კარგად ვხედავთ.
ეს ყველაფერი ბუნებრივი შედეგია, ამას გვერდს ვერ ავუვლით. რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც გარდაუვალს ვეჩეხებით? — ვცდილობთ შევეგუოთ.
ახლავე გააკეთეთ ფულის მოძრაობის პროგნოზი

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი შეხსენება არც უნდა გჭირდებოდეთ, არის ფულის მოძრაობის პროგნოზირება. არა, შემოსავლებისა და საბანკო ანგარიშის შემოწმება არ არის საკმარისი, განსაკუთრებით როდესაც კარზე კორონა გიკაკუნებთ. დეტალები გჭირდებათ: ქირა, გადასახადები, ხელფასები, მარაგები და ა.შ, მაქსიმალური სიფრთხილითა და სიზუსტით დასახოთ მიზნები.
იმისათვის, რომ არახელსაყრელ გარემოსთან შეგუება დაიწყოთ, ჯერ თქვენი რესურსები და შესაძლებლობები უნდა შეაფასოთ სწორად.
თუ ვინმე გეუბნებათ, რომ აი ამდენი თვე უნდა გაძლო და მერე ყველაფერი კარგად იქნება, ან შეგნებულად გატყუებთ, ან შეუგნებლად — ორივე შემთხვევაში თქვენ ზიანდებით. “ყველაფერი კარგად იქნება”-ს ძახილს მოეშვით და “ახლავე უნდა ვიმოქმედო” იყვირეთ.
განაახლეთ ინფორმაცია

ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, იქნება ეს მომხმარებლების მსყიდველობითი ქცევა, პროდუქტის მიწოდების, რეკლამირების, კომუნიკაციის გზა თუ სხვ. თქვენც ფეხი უნდა აუდგათ ამ ყველაფერს, თორემ ისევე გადაშენდებით, როგორც დიდი გამყინვარების დროს ის ჰომოსაპიენსები, რომლებმაც ცეცხლის დანთება ვერ ისწავლეს.
მაგრამ, ერთია ფეხი აუდგათ და მეორეა მომხმარებელს აცნობოთ ამის შესახებ. თქვენ შეიძლება პროდუქტის მიწოდების განსხვავებული გზა შეიმუშაოთ, მაგრამ მე, როგორც კლიენტმა, ამის შესახებ თუ ვერ გავიგე გინდა გქონია მიტანის სერვისი და გინდა არა.
მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად ყველა პლატფორმაზე, სადაც კი თქვენი ბიზნესი არსებობს, ინფორმაცია უნდა განაახლოთ და მომხმარებლამდე მიიტანოთ ხმა.
გაესაუბრეთ თქვენს მომწოდებლებს

ისინიც თქვენსავით გადარჩენას ცდილობენ. მიდით და გულწრფელად მოუყევით თქვენი მდგომარეობის შესახებ, გაესაუბრეთ პოტენციური შეღავათებზე, მარაგების მიწოდების გზების გაუმჯობესებაზე, დავალიანებების გადავადებაზე, ოპერაციების უკეთესად წარმართვასა და ა.შ.
ნუ იფიქრებთ, რომ მათ არ სჭირდებათ დახმარება. დასაწყისში ხომ ვთქვით, რომ ამ მომენტში ეკონომიკას, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების შოკი აღენიშნება.
პანდემიამ მიწოდების გლობალურ ჯაჭვებს უკვე დაარტყა და არც ადგილობრივებს ინდობს. არ დაგავიწყდეთ, რომ მთელი ეს უბედურება ჩინეთში, მსოფლიოს ყველაზე დიდ მიმწოდებელში, დაიწყო. ასე, რომ აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ თქვენს მომწოდებლებს.
ნუ გექნებათ იმედი, რომ ხელისუფლება გადაგარჩენთ

ჩვენს ქვეყანაში ამის თქმა საერთოდ არ უნდა იყოს საჭირო, მაგრამ ასეა თუ ისე ამ სიტუაციაში ეს რჩევა ნებისმიერი ქვეყნის ბიზნესს ეხება.
იმაზე წუწუნი ყველას გვიყვარს, რომ სახელმწიფო საკმარისად არ ეხმარება ბიზნესებს, საკმარისი პროგრამები არაა და ათასი რამ. წუწუნის ამ ქარბორბალაში გახვევა საშიშია. უნდა მოვიშოროთ ეს “სხვა მიშველის” მენტალიტეტი და ჩვენით ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობასა და გადარჩენაზე.
რომც იყოს იმის შანსი, რომ სახელმწიფო გადაგარჩენთ, მაინც არ უნდა იფიქროთ ასე. ისე იმოქმედეთ, თითქოს ასეთი რამ არასდროს მოხდება.
კონცენტრირდით არსებულ კლიენტებზე

ახლა ახალი კლიენტების დევნის დრო არაა. კონცენტრირდით არსებულებზე და ისეთი ხარისხის მომსახურება გაუწიეთ, არასდროს რომ არ გაგიწევიათ. მათი შენარჩუნება თქვენი გადარჩენის მთავარი გასაღებია.
იფიქრეთ ჯილდოების სისტემაზე, საჩუქრებზე, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა თუ წახალისების სხვა მეთოდების შემოღებაზე. მოკლედ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არსებული კლიენტები არ დაკარგოთ.
პერსონალის შემცირება

და ბოლოს, ყველაზე მტკივნეული საკითხი. მახინჯი რეალობაა, მაგრამ რას ვიზამთ.
რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტ ბიზნესებს უწევთ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება. ამას უმეტესწილად გადასარჩენად აკეთებენ. მაგრამ სამსახურიდან გაშვება ყოველთვის აუცილებელი არაა.
თუ, როგორც ბიზნესი, იძულებული ხართ სახელფასო დანახარჯები შეამციროთ, იქნებ ადამიანების სამსახურიდან გაშვების ნაცვლად დროებით “on-off” შვებულებების სტრუქტურა შეიმუშაოთ. მაგალითად: ერთი კვირა შვებულება — ერთი კვირა მუშაობა.
ცხადია ხელფასები შემცირდება, მაგრამ სამაგიეროდ უშემოსავლოდ არ დარჩება არავინ და ბიზნესის დანახარჯებიც დაიკლებს.
თანამშრომლებს უნდა აგრძნობინოთ, რომ საჭირო არიან და არ მიატოვებთ. ამისათვის გულწრფელი და აქტიური კომუნიკაციაა საჭირო. ასეთ დროს პერსონალის მორალზე ზრუნვა პრიორიტეტულია.
შეიძლება ფიქრობთ, მარკეტინგის შესახებ რატომ არაფერი თქვითო. მომხმარებელთან კომუნიკაცია იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ცალკე სტატიას იმსახურებს, რომელიც შეგიძლიათ აქ იხილოთ — ციფრული მარკეტინგის სამი სტრატეგია.
Comments