სტატიების სერია: საქართველოს საგადასახადო სისტემა სტატია I - დამატებული ღირებულების გადასახადი
სანამ სტატიას დავიწყებთ, ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. დღგ-ს გამოთვლაში აწი დროის დახარჯვა აღარ მოგიწევს. კალკულატორი შევქმენით, რომელიც წამებში გამოგითვლის დამატებული ღირებულების გადასახადს.
გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე დღგ-ს კალკულატორი.
ყველას გაგვიგია აბრევიატურა „დღგ“ (დამატებული ღირებულების გადასახადი) და ალბათ ბევრს გადაგვიხდია კიდევაც ეს არც თუ ისე მცირე ზომის გადასახადი. დღგ საკმაოდ რთული გადასახადია, უამრავი რეგულაციით, თუმცა მოდი დღეს მოკლედ მიმოვიხილოთ ამ გადასახადის შინაარსი, გავარკვიოთ რამდენად ეხება ეს გადასახადი თქვენს ბიზნესებსა და ეკონომიკურ საქმიანობას და დავსვათ კითხვა „უნდა დარეგისტრირდე თუ არა დღგ-ს გადამხდელად?“
ჯერ ვთქვათ რა არის დღგ. საგადასახადო კოდექსი, მას ასე განმარტავს:
„დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას), თუმცა ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგ-ის გადამხდელად.“
ბუნდოვანია, არა? მარტივად რომ ვთქვათ, დღგ არის პროცენტი (კერძოდ, 18%), რომელსაც მთავრობას უხდი გაყიდული პროდუქტის ღირებულებიდან. ყოველი საქონლის ფასი ორი ნაწილისგან შედგება: თვითღირებულება, ანუ წარმოების ღირებულება და დამატებული ღირებულება. დღგ-ს საქონლის თვითღირებულება არ აინტერესებს, ამიტომ დანამატზე ვკონცენტრირდეთ. დამატებული ღირებულება ასევე ორი ნაწილისგან შედგება: მოგება და დღგ-ს დანამატი.
მოგება ის ნაწილია, რომელიც გამყიდველის ჯიბეში მიდის. დღგ-ს დანამატი კი, რომელსაც გამყიდველი შეგნებულად ამატებს, რომ სახელმწიფოსთვის გადასახდელი თანხა ამოიღოს.
დღგ-ს, როგორც გადასახადს, დამატებული ღირებულების ყველა ელემენტი აინტერესებს, გარდა თავისი თავისა, ანუ დღგ-ს დანამატისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღგ-თი დასაბეგრი ტრანზაქციისას ჩვენ მხოლოდ “ბრუნვას” (თვითღირებულება+მოგება) ვამრავლებთ 18%-ზე, რომ დღგ-ს თანხა გავარკვიოთ.
მაგალითი
აი მაგალითი განვიხილოთ (ჩავთვალოთ, რომ A, B, C, D ყველა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირები არიან) :
B-მ A-სგან 118 ლარად ხორბალი იყიდა. როგორ გავიგოთ რა რაოდენობით დღგ წარმოიშვა ამ გარიგებისას? ჯერ უნდა გავიგოთ თუ რა ღირდა ხორბალი დღგ-ს დანამატის გარეშე, ანუ გამოვიანგარიშოთ ბრუნვა. ამისათვის 118 უნდა გავყოთ 1.18-ზე.
118/1.18=100
გამოვიდა, რომ დღგ-ს დანამატის გარეშე ხორბალი 100 ლარი ღირდა. ახლა თავად გადასახადი გამოვთვალოთ.
100*18%=18
ესეიგი, 118 ლარიდან A 18 ლარს გადარიცხავს ბიუჯეტში. მაგრამ ეს 18 ლარი მან თავისი ჯიბიდან ხომ არ გადაიხადა. არა, A-მ ეს 18 ლარი ფასში ჩააქსოვა და B-ს მოაცემინა.
ფაქტობრივად მყიდველი იხდის დღგ-ს. ზუსტად ამიტომ ჰქვია მას „არაპირდაპირი გადასახადი“. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მას „ტრანზიტის“, ანუ პროდუქტის გამყიდველის, გავლით იხდის ბიუჯეტში.
ნებისმიერი საქონელი მოპოვებიდან საბოლოო მოხმარებამდე რამდენიმე სტადიას გადის. წარმოვიდგინოთ მარტივი პროცესი - ნედლეულის მოპოვება - გადამუშავება - საბოლოო პროდუქტის დამზადება. ყოველი, ამ სტადიათაგანი, შეიცავს ყიდვა-გაყიდვის პროცესს. დღგ-ს მთელი “ხიბლი” კი ის არის, რომ ის ყოველ სტადიაზე ცალ-ცალკე მოქმედებს.
ისევ წინა მაგალითს დავუბრუნდეთ:
ვთქვათ, რომ ნაყიდი ხორბლით B-მ ფქვილი დაამზადა და C-ს მიჰყიდა 236 ლარად. ისევ იგივე პროცესი წარვმართოთ. ჯერ 236 ლარი გავყოთ 1.18-ზე და გავიგოთ ბრუნვა, შემდეგ კი მიღებული რიცხვის 18% გამოვთვალოთ.
236/1.18=200
200*18%=36
ანუ, B (C-ს გადახდილი ფულით) 36 ლარს გადარიცხავს ბიუჯეტში დღგ-ს სახით.
C-მ ამ ფქვილით ბევრი პური დაამზადა და რესტორანს მიჰყიდა 354 ლარად. იგივე გავაკეთოთ:
354/1.18=300
300*18%=54
აქ დღგ 54 ლარს უდრის.
რესტორანში ეს პური ხომ კიდევ ხელმეორედ გაიყიდება.აქაც იგივე პროცესი წარიმართება და დღგ-ს ციკლი ადამიანის კუჭში პურის ჩასვლისას დასრულდება.
დღგ-ს თავისებურებაა ისიც, რომ იგი „ლოკალური“ გადასახადია, ანუ იგი მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მიმართ, რომელშიც არის კანონით შემოღებული. მაგალითად, თუ საქართველოს რეზიდენტმა საქონელი თურქეთიდან იტალიაში მიაწოდა, ეს ოპერაცია საქართველოში დღგ-თი არ დაიბეგრება. სამაგიეროდ, არც ამ ფულს გაუშვებს სახელმწიფო ხელიდან და „საშემოსავლო გადასახადით“ დაბეგრავს, ეს შემდეგი სტატიის თემაა.
მოდი ახლა ჩვენს კალკულატორს შევხედოთ.
ავირჩიეთ, რის მიხედვით გვსურს დღგ-ს გამოთვლა, დღგ-ს მომცველი ფასის, თუ დღგ-ს გარეშე არსებული ფასის. შემდეგ ჩავწერთ ამ რიცხვს და კალკულატორი მაშინვე გვეტყვის, თუ რამდენია ჩვენი დამატებული ღირებულების გადასახადი.
მოკლედ ეს არის და ეს. ახლა კითხვა დავსვათ - ვინ არის დღგ-ს გადამხდელი? ნუთუ ყველა გამყიდველი აქსოვს ფასში დღგ-ს?
ვინ იხდის დღგ-ს და უნდა დარეგისტრირდე თუ არა დღგ-ს გადამხდელად?
კოდექსი ამბობს, რომ დღგ-ს გადამხდელია ყველა, ვინც:
„რეგისტრირებულია, ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.“
არც თუ ისე ნათელია რას გულისხმობს ეს. ვინ არის ვალდებული დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად? ან საერთოდაც ვის შეუძლია რომ დარეგისტრირდეს? ამ კითხვაზე პასუხს ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, მაგრამ ჩვენ ცოტა გავიმარტივოთ საქმე.
ადამიანი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული ან ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს ან დროებით შემოტანას და თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ამ ოპერაციების დღგ-თი დასაბეგრი თანხა (ანუ დამატებული ღირებულება) 100 000 ლარს აღემატება, ავტომატურად ითვლება დღგ-ს გადამხდელად და ვალდებულია დარეგისტრირდეს. ხოლო თუ შენი ასეთი ოპერაციების თანხა 100 000-ზე ნაკლებია, მაშინ არ ხარ ვალდებული, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდე, მაგრამ უფლება მაინც გაქვს.
ხანდახან ნებაყოფლობით რეგისტრაციაც სასარგებლოა. მაგალითად, თუ ხშირად შეისყიდი საქონელს დღგ-ს გადამხდელი პირისგან, ან თუ რაიმე საქონლის იმპორტს აწარმოებ. ეს იმიტომ, რომ, რეგისტრაციის შემდეგ, გადახდილი თანხის დამატებული ღირებულების ნაწილის ჩათვლა და შემდეგ მისი ქეშად დაბრუნება, ან სამომავლო გადასახადებში გამოქვითვა შეგეძლება.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ დღგ-ს გადამხდელისგან 118 ლარის ღირებულების საქონელი შეიძინე, საიდანაც 18 ლარი დამატებული ღირებულების გადასახადია, მაშინ უფლება გაქვს საგადასახადო ორგანოსგან ეს 18 ლარი ქეშად დაიბრუნო, ან მომავალში სხვა გადასახადის გადახდისას გამოიყენო.
ისევ ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. თუ A-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი ღირებულების დღგ-თი დასაბეგრი საქონელი არ გაუყიდია, მაშინ ის არაა ვალდებული დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდეს. ჩავთვალოთ, რომ არც ნებაყოფლობით დარეგისტრირდება. მაშინ, იმისდა მიუხედავად, რომ ის დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას ახორციელებს, ის მაინც არ გადაიხდის დამატებული ღირებულების გადასახადს. მაგრამ თუ B-ს ოპერაციების ჯამი (ბოლო 12 თვის განმავლობაში) 100 000 ლარზე მეტია, მაშინ ის A-ს მიერ მიწოდებული ხორბლით დამზადებული ფქვილის გაყიდვისას აუცილებლად დაიბეგრება დღგ-თი.
აქედან გამომდინარე, კითხვაზე, უნდა დარეგისტრირდე თუ არა დღგ-ს გადამხდელად, პასუხი ასეთია: თუ ბოლოს 12 თვეში 100 000 ლარზე მეტი თანხის დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციები (მაგ: იმპორტი) განახორციელე, მაშინ - კი, უნდა და ვალდებული ხარ დარეგისტრირდე. თუ 100 000 ლარიან ზღვარს ვერ გადააჭაბე არც მაშინ გზღუდავს სახელმწიფო და გეუბნება, რომ თუ გინდა მაინც შეგიძლია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია.
რა მოხდება თუ გიწევს და არ დარეგისტრირდები? დიდ ჯარიმას მიიღებ. კერძოდ: რეგისტრაციის ორი თვით დაგვიანების შემთხვევაში გადასახდელი დღგ-ს 5%. ორი თვის შემდეგ კი 10%. ამიტომ, ნუ გარისკავ და ნუ იფიქრებ, რომ სახელმწიფოს რამეს დაუმალავ (შეიძლება დაუმალო კიდევაც, მაგრამ რისკად არ გიღირს) - თუ დარეგისტრირება გიწევს, დარეგისტრირდი.
როგორც ვთქვით, თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი დღგ-თი დასაბეგრი ოპერაცია არ განგიხორციელებია, მაშინ არ ხარ ვალდებული დღგ გადაიხადო. მაგრამ, ამას ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი აქვს - თუ, ვთქვათ, ამერიკაში ამაზონის საიტიდან ლეპტოპი გამოიწერე და თუ ამ ლეპტოპის ფასი (გადაზიდვის ღირებულებითურთ) 300 ლარზე მეტია, მაშინ ამ ლეპტოპის საქართველოში შემოტანისას ვალდებული იქნები ის 18%-იანი გადასახადით “განაბაჟო”. აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დარეგისტრირებული ხარ თუ არა დღგ-ს გადამხდელად. სიტყვა “განბაჟება” ჟარგონია და კოდექსის დონეზე დღგ-ს უბრალოდ ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ეს მარტო ლეპტოპებს კი არა, ნებისმიერი საქონლის ჩამოტანას ეხება, რომლის ღირებულებაც 300 ლარზე მეტია. ასე, რომ ესეც გაითვალისწინე.
დღგ-სა და ყველა სხვა გადასახადებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო აქ - „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“.
ჩვენი ინვოისირების აპლიკაციის გამოყენებისას ამ გამოთვლების წარმოება არ მოგიწევს, რადგან იქ ეს პროცესი ავტომატურია.
ამას დამატებით ჩვენ შევქმენით კლაკულატორი, რომელიც წამებში გამოგითვლის დღგ-ს. გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე დღგ-ს კალკულატორი.
Comments