რა არის ქონების გადასახადი?
- კერნელი
- Oct 8, 2020
- 5 min read
Updated: Nov 5, 2020
სტატიების სერია: საქართველოს საგადასახადო სისტემა
სტატია V - ქონების გადასახადი

სანამ სტატიას დავიწყებთ, ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. ქონების გადასახადების გამოთვლაში აწი დროის დახარჯვა აღარ მოგიწევს. კალკულატორი შევქმენით, რომელიც წამებში გამოგითვლის ყველაფერს.
გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე ქონების გადასახადის კალკულატორი.
ქონების გადასახადი, საქართველოს ტერიტორიაზე, ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასის განაკვეთს ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი ორგანო ადგენს. ანუ, თბილისის მმართველობას, თავის ტერიტორიაზე, სხვა განაკვეთი შეუძლია დაადგინოს, ბათუმისას - სხვა. თუმცა, დადგენილი გადასახადის განაკვეთი უნდა იყოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შუალედში.. ასევე აღსანიშნავია, რომ ქონების გადასახადს არა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამედ ადგილობრივი მამრთველობის ბიუჯეტში იხდი.
ამ გადასახადის გადახდა ევალებათ როგორც იურიდიულ პირებს ისე ფიზიკურ პირებს. თუმცა, თითოეულის შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტები და წესები ოდნავ განსხვავებულია. ამ განსხვავებებზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ, მანამდე კი ერთ უმნიშვნელოვანეს მსგავსებას შევეხოთ - მიწის გადასახადი. მიწის გადასახადს ფიზიკური და იურიდიული პირები ერთნაირად იხდიან.
მიწის გადასახადი
მიწის გადასახადის ოდენობა სამ რამეზეა დამოკიდებული: მიწის ზომა (ჰექტარებში ან კვ. მეტრებში), ტერიტორიული კოეფიციენტი და ადგილობრივი მმართველობის მიერ დადგენილი განაკვეთი თითო ჰექტარზე ან კვ. მეტრზე.
მიწის ზომა ჰექტარებსა და კვ. კილომეტრებში იზომება. ტერიტორიული კოეფიციენტის მაქსიმუმს ცენტრალური ხელისუფლება ადგენს და ამჟამად 1.5-ის ტოლია. ადგილობრივ სამმართველო ორგანოებს 1.5-ზე ნაკლები კოეფიციენტის გამოყენება შეუძლიათ, თუმცა არა მასზე მეტის.
რაც შეეხება, თითოეულ ჰექტარსა და კვ. მეტრზე განაკვეთებს, მათი ოდენობა მიწის ტიპისა და მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება.
მიწის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო. სასოფლო-სამეურნეო მიწებს კიდევ ქვე-კატეგორიები აქვს: სათიბი, საძოვრისი და სახნავ-საკარმიდამო.
მოდი, სასოფლო-სამეურნეო მიწებით დავიწყოთ. სათიბი და საძოვრისი მიწების საბაზისო განაკვეთი ერთ ჰექტარზე 5 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს, ადგილმდებარეობის მიხედვით. ხოლო სახნავ-საკარმიდამოს - 56 ლარიდან 100 ლარამდე.
არასასოფლო-სამეურნეო მიწების შემთხვევაში, გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცხრილების სახით წერია, თუ რომელ ტერიოტორიაზე რომელი ტიპის მიწა რა განაკვეთით იბეგრება.
მაგალითი განვიხილოთ და ყველაფერს უკეთესად გავიგებთ.
მაგალითი
გიორგი 20 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს თბილისში. რა იქნება მისი მიწის გადასახადი?
ჯერ საქართველოს საგადასახადო კოდექსს გადავშლით და ქონების გადასახადის თავის ცხრილში მოვძებნით, თუ 1 ჰექტარზე რამდენი ლარით იბეგრება თბილისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
აღმოჩნდება, რომ ეს რიცხვი 100-ის ტოლია. ახლა ადგილობრივი სამმართველოს ვებ. გვერდსა ან დაწესებულებაში დადგენილი ტერიტორიული კოეფიციენტი უდნა მოვიძიოთ. თბილისის შემთხვევაში ეს რიცხვი 1.5-ია. ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის გვერდზე დევს და საქართველოს საგადასახადო კოდექსში არ წერია.
ამ მონაცემების საფუძველზე ახლა უკვე შეგვიძლია გიორგის მიწის გადასახადის გამოთვლა:
20 * 100 * 1.5 = 3000
ჰექტარების რაოდენობა ჯერ ერთ ჰექტარზე დაწესებულ განაკვეთზე გავამრავლეთ, შემდეგ კი ადგილობრივი მმართველობის მიერ დაწესებულ ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ესეიგი, გიორგიმ თბილისის მთავრობის ბიუჯეტში 3000 ლარი უნდა გადარიცხოს.
ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ფიზიკური პირის შემთხვევაში ქონების გადასახადით შემდეგი რაღაცები იბეგრება:
უძრავი ქონება (მიწა, ბინა და ა.შ.)
მსუბუქი ავტომობილი
იახტები, თვითმფრინავები და შვეულმფრენები
ინდ. მეწარმეობის შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები
გადასახადის განაკვეთი დასაბეგრი ქონების მფლობელი პირის ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული.
40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები გათავისუფლებულნი არიან ქონების გადასახადისაგან
40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 %-დან 0.2 %-მდე
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – წლის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1-მდე
ამ ზღვრებში, გადასახადის ზუსტ განაკვეთს მმართველობის ადგილობრივი ორგანო ადგენს.
ასევე, მნიშვნელოვანია იცოდე, თუ რა შედის ოჯახის შემოსავლებში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ოჯახის წევრების ხელფასებისა და ეკონომიკური და არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების ჯამია.
რაც შეეხება, გადასახადის გადახდის დროს. როგორც ფიზიკურმა პირმა, საგადასახადო ორგანოს გადასახადის დეკლარაცია 1 ნოემბრამდე უნდა წარუდგინო. ამ დეკლარაციაში ყოველი შენი დასაბეგრი ქონება უნდა იყოს აღწერილი. თავად გადასახადი კი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადო.
დეკლარაციის წარდგენის შესახებ შეგიძლია შემდეგი ვიდეო ნახო: ვიდეო.
მაგალითი
მაგალითი განვიხილოთ.
ვთქვათ, გიორგის ოჯახი ორი წევრისგან შედგება, თავად გიორგი და მისი ცოლი ელენე. ისინი, თბილისში ცხოვრობენ. 2018 წელს გიორგიმ ხელფასის სახით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) 20 000 ლარი მიიღო, ელენემაც 20 000. ამასთანავე, გიორგის დაბადების დღეზე მეგობარმა იახტა აჩუქა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 10 000 ლარია.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ გიორგის ოჯახის შემოსავალი 50 000 ლარის ტოლია. ანუ, მისი ქონების გადასახადის განაკვეთი (მიწის გარეშე) 0.05-სა და 0.2 პროცენტს შორის უნდა იყოს.
გიორგის ოჯახი თბილისში ცხოვრობს. აქ ამ გადასახადის განაკვეთი 0.2-ის ტოლია.
ახლა გიორგის ოჯახის ქონებას გადავხედოთ.
აგარაკი - საბაზრო ღირებულებით 100 000 ლარი;
საცხოვრებელი ბინა- საბაზრო ღირებულებით 60 000 ლარი
მსუბუქი ავტომობილი - საბაზრო ღირებულებით 10 000 ლარი
საოფისე ფართი - საბაზრო ღირებულებით 100 000 ლარი
იახტა - საბაზრო ღირებულებით 20 000 ლარი
ესეიგი, გიორგის ოჯახის ქონების ჯამური ღირებულება იქნება:
100 000 + 60 000 + 10 000 + 100 000 + 20 000 = 290 000
ახლა ქონების გადასახადი გამოვთვალოთ. დასაბეგრი ქონების ჯამური ღირებულება უნდა გავამრავლოთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ადგილობრივ განაკვეთზე.
290 000 * 0.2% = 580
მოდი, ახლა ვნახოთ ჩვენი კალკულატორით როგორ გამოთვლიიდი ამ ყველაფერს.

ჯერ მივუთითეთ, რომ გადასახადს ფიზიკური პირისთვის ვითვლით. შემდეგ ამ პირის ოჯახის წლიური შემოსავლის დიაპაზონი ავირჩიეთ. ჩვენს შემთხვევაში, გიორგის ოჯახის წლიური შემოსავალი 50 000 იყო, რაც 40 000 - 100 000 დიაპაზონშია. შემდეგ ქონების ღირებულებები ჩავწერეთ. უძრავ ქონებაში, ოფისის ფართის, აგარაკისა და საცხოვრებელი ბინის ჯამური ღირებულება, ხოლოდ მსუბუქი ავტომობილის ველში მსუბუქი ავტომობილისა და, საჭირო უჯრის ნაკლებობის გამო (რადგან საქართველოში იახტა მხოლოდ თითზე დასათვლელ ადამიანებს ჰყავთ) იახტის ჯამური ღირებულება ჩავწერეთ.
ამის შემდეგ კალკულატორმა ეგრევე გამოგვითვალა, თუ რამდენია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი.
იურიდიული პირის ქონების გადასახადი
საწარმოს შემთხვევაში, ქონების გადასახადით მხოლოდ მისი ძირითადი საშუალებები იბეგრება. მოდი ჯერ ძირითადი საშუალებები განვმარტოთ:
ძირითადი საშუალები ესაა საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური აქტივები, რომელსაც საწარმო იყენებს, წარმოებაში, მომსახურეობაში, იჯარით გასაცემად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გამოიყენება ერთ წელზე მეტი ხნის ვადით.
ქონების გადასახადს იხდის ყველა საწარმო, რეზიდენტი თუ არარეზიდენტი, რომლის ძირითადი საშუალებებიც საქართველოში მდებარეობს. ორივე შემთხვევაში ძირითად საშუალებებში შედის აგრეთვე დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა, არამატერიალური აქტივები, ლიზინგით გაცემული ქონება და ა.შ.
გადასახადის განაკვეთს რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც რეალური განაკვეთის დადგენის პრეროგატივა ადგილობრივი მმართველობის ხელშია, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დადგენილი მაქსიმუმი 1%-ს უდრის. ანუ ვერცერთ ტერიტორიაზე, ვერავინ 1%-ზე მეტით ვერ დაბეგრავს შენს ძირითად საშუალებას.
ახლა, უშუალოდ როგორ გამოითვლება გადასახადი ძირითად საშუალებაზე.
პროცესი არც თუ ისე რთულია. ვიღებთ, ძირითადი საშუალებების წლიურ საშუალო ღირებულებას და ვამრავლებთ ადგილობრივი მმართველობის მიერ დადგენილ განაკვეთზე.
საშუალო წლიური ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების ღირებულების სხვაობის ორზე გაყოფით.
გადახდის თარიღს რაც შეეხება. კომპანიამ ქონების გადასახადის დეკლარაცია 1 აპრილამდე უნდა წარადგინოს. დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების (მიწის გარდა) შესახებ გასული საგადასახადო წლის მონაცემები უნდა შეიტანს, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის.
კომპანიამ მიწის გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადოს. დანარჩენი ქონების გადასახადი კი 15 ივნისამდე.
მაგალითი
გავიხსენოთ, რომ კომპანიის ქონების გადასახადის (მიწის გარდა) გამოსათვლელად ჯერ მისი ძირითადი საშუალებების წინა წლის საბალანსო ღირებულების საშუალო უნდა გამოვთვალოთ და შემდეგ გავამრავლოთ გადასახადის ადგილობრივ განაკვეთზე.
მაგალითად, 2019 წლის 1 იანვარს, თბილისში მდებარე, კომპანია “ალფას” ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება შემდეგი იყო.
შენობა - საბალანსო ღირებულებით 200 000 ლარი
დანადგარი - საბალანსო ღირებულებით 90 000 ლარი
სატრანსპორტო საშუალება - საბალანსო ღირებულებით 50 000 ლარი
ოფისის აღჭურვილობა - საბალანსო ღირებულებით 10 000 ლარი
გამოვიდა, რომ 2019 წლის 1 იანვრისთვის, მათი ჯამური საბალანსო ღირებულება 350 000 ლარის ტოლი იყო.
ჩავთვალოთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრისთვის, ამ ძირითადმა საშუალებებმა ერთობლივად 100 000 ლარის ცვეთა განიცადეს. ესეიგი, 2019 წლის 31 დეკემბერს, მათი საბალანსო ღირებულება იყო:
350 000 - 100 000 = 250 000
ახლა ამ ძირითადი საშუალებების საშუალო არითმეტიკული გამოვთვალოთ. ამისათვის, პირველი იანვრისა და დეკემბრის ღირებულებებს ვაჯამებთ და 2-ზე ვყოფთ:
(350 000 + 250 000) / 2 = 300 000
საშუალო გავიგეთ. ახლა დროა ადგილობრივი მმართველობის მიერ დაწესებული განაკვეთი მოვიძიოთ. როგორც ვთქვით, კომპანია და მისი აქტივები თბილისში მდებარეობს, ამიტომ მივაკითხავთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდს და ვნახავთ, რომ თბილისში იურიდიული პირების ქონების გადასახადის (მიწის გარდა) განაკვეთი 1%-ის ტოლია.
გადასახადის გამოსათვლელად, გამოთვლილ საშუალოს, ანუ 300 000-ს, გავამრავლებთ ადგილობრივ განაკვეთზე, 1%-ზე.
300 000 * 1%= 3000
გამოვიდა, რომ კომპანია ალფამ თბილისის ბიუჯეტში 3000 ლარი უდნა გადარიცხოს.
ქონების გადასახადების შესახებ დამატებითი და სრული ინფორმაციის მისაღებად და ცხრილების სანახავად “საქართველოს საგადასახადო კოდექსს” ეწვიე.
ახლა ჩვენს კალკულატორის შევხედოთ.

ჯერ ავირჩიეთ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადს ვითვლით. შემდეგ კომპანიის ძირითადი საშუალებების წლის დასაწყისში არსებული წმინდა საბალანსო ღირებულება შევიყვანეთ, შემდეგ ამ ძირითად საშუალებებზე დარიცხული ცვეთა და პასუხიც მივიღეთ.
გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე ქონების გადასახადის კალკულატორი.
Comments