top of page
Writer's pictureკერნელი

რა არის საშემოსავლო გადასახადი?

Updated: Nov 5, 2020

სტატიების სერია: საქართველოს საგადასახადო სისტემა სტატია II - საშემოსავლო გადასახადი

სანამ სტატიას დავიწყებთ, ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. საშემოსავლოსა და საპენსიოს გამოთვლაში აწი დროის დახარჯვა აღარ მოგიწევს. კალკულატორი შევქმენით, რომელიც წამებში გამოგითვლის ორივეს.


გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე საშემოსავლოსა და საპენსიოს კალკულატორი. შეიძლება ითქვას რომ საშემოსავლო გადასახადი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გადასახადია ნებისმიერ ქვეყანაში. მას იხდის საქართველოს ყოველი რეზიდენტი ფიზიკური პირი და ყველა არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან იღებს შემოსავალს. მაგრამ ასევე არსებობს ფიზიკური პირების რამდენიმე კატეგორია, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან ამ გადასახადისგან. ამ გამონაკლისებზე სტატიის ბოლოს ვისაუბროთ. მანამდე რამდენიმე საკითხი უნდა დავაზუსტოთ.


უპირველესად, განვსაზღვროთ ვინ ითვლება საქართველოს რეზიდენტად - ეს არის ნებისმიერი პირი (არ აქვს მნიშვნლოება საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი) რომელსაც საქართველოში გატარებული აქვს მინიმუმ 183 დღე ბოლო 12 თვის განმავლობაში.


ახლა კი ვთქვათ თუ რას ბეგრავს ეს გადასახადი და როგორ. ზოგადი წესის მიხედვით, ფიზიკური პირის შემოსავალი 20%-ით იბეგრება, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა კანონმდებლობა ამცირებს ამ განაკვეთს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა საცხოვრებელი ბინის გაქირავება: თუ ადამიანი საცხოვრებელ გააქირავებს ფართს და ამის შესახებ საგადასახადო ორგანოს აცნობებს, მისი შემოსავალი მხოლოდ 5%-ით დაიბეგრება, ხოლო თუ კომერციულ ფართს გააქირავებს, ეს შეღავათი აღარ შეეხება და უკვე 20%-ით დაიბეგრება. 5%-ით იბეგრება დივიდენდების სახით მიღებული შემოსავალიც. ესეიგი:


  • ხელფასები - 20%

  • დივიდენდები - 5%

  • საცხოვრებელი ფართის გაქირავება - 5%


ხელფასის დაბეგვრა


ხელფასების შემთხვევაში საქმე შედარებით მარტივადაა. თუმცა, იმისათვის, რომ სრული სურათი დავინახოთ, მანამდე უნდა ავხსნათ როგორ იხდება საპენსიო გადასახადი. საპენსიო გადასახადი შეადგენს სრული დარიცხული (გროს ან დასაბეგრი) ხელფასის 6%-ს, საიდანაც დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს იხდიან.


შესაბამისად, თუ შენი დასაბეგრი ხელფასი 1,000 ლარია 20 ლარს შენ იხდი, 20-ს კომპანია და 20-ს სახელმწიფო.


აღსანიშნავია, რომ ყოველი დასაქმებული შეიძლება არ იყოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული. ეს სისტემა სავალდებულოა ყველასთვის, ვინც 2019 წლის პირველ იანვრამდე 40 წელზე ნაკლების იყო. 40 წელზე მეტის თუ იყავი, მაშინ იმავე წელს აპრილიდან ივნისის თვემდე გქონდა საშუალება, რომ უარი გეთქვა ამ სისტემაზე.


ვინც ჩართვაზე უარი განაცხადა, ბუნებრივია მასზე არ ვრცელდება 2%-იანი განაკვეთი.


აქვე დასაზუსტებელია ისიც, რომ საშემოსავლო გადასახადი მორიგი არაპირდაპირი გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია დასაქმებულის ხელფასიდან იჭრება ეს თანხმა, მაგრამ უშალოდ ბიუჯეტში მას დამსაქმებელი რიცხავს.


გამოდის, რომ შენი თანამშრომლის დაუბეგრავი ხელფასი არის 1000 ლარი, აქედან 20-ლარს გადაიხდი საპენსიო დანაზოგში, დარჩენილი 980 ლარიდან 20%-ს საშემოსავლოს ბიუჯეტში, ხოლოდ დასაქმებულს 784 ლარს ჩაურიცხავ. ამას დამატებული, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე კიდევ დამატებით 20 ლარს გადარიცხავ კომპანიის საფულიდან.


აი, მაგალითზე შევხედოთ


კომპანია “ალფას” თანამშრომელია ნიკა. მისი ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი (რაც კონტრაქტში უწერია) 1000 ლარია. იმისათვის, რომ გავიგოთ ნიკა ყოველთვიურად რამდენ ლარს აიღებს ხელზე და კომპანიას რა თანხების გადარიცხვა მოუწევს ბიუჯეტსა და ნიკას საპენსიო ანგარიშზე, ორი ოპერაცია ჩავატაროთ.


ჯერ გავიგოთ ამ 1000 ლარიდან რამდენი ლარი გადავა მის დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე. ამისთვის 1000-ის 2% უნდა გამოვთვალოთ.


1000*2%=20


ესეიგი, კომპანია “ალფამ” ნიკას საპენსიო ანგარიშზე 20 ლარი უნდა ჩარიცხოს. დაგრვჩა 980 ლარი. ახლა 980-ის 20% გამოვთვალოთ და გავიგოთ თუ რამდენი ლარის გადარიცხვა მოუწევს “ალფას” ბიუჯეტში (საშემოსავლო გადასახადის სახით), ანუ რამდენ ლარს გადაუხდის ნიკა სახელმწიფოს.


980*20%=196


ნიკას ხელფასიდან 196 ლარი გადაირიცხება ბიუჯეტში, მაგრამ ნიკა თავად არ გადარიცხავს ამ თანხას. კოდექსის მიხედვით, ამ პროცესის უზრუნველყოფა დამქირავებლის ვალდებულებაა. ამიტომ, ჩვენს მაგალითში კომპანია “ალფა” ნიკას დასაბეგრი შემოსავლიდან აიღებს 196 ლარს და ბიუჯეტში გაუშვებს.


ამ ყველაფრის გაკეთება ჩვენი საშემოსავლო გადასახადის კალკულატორის მეშვეობით ძალიან მარტივად შეიძლება. აი ნიკასა და “ალფას” მაგალითზე ასეთ რიცხვებს მივიღებდით.


დააკვირდი, რომ საპენსიო სააგენტოში გადასარიცხი თანხა 40 ლარის ტოლია. აქედან 20 ლარი ნიკას ხელფასიდანაა აღებული, მეორე 20 ლარი კი კომპანიის საფულიდან.


კალკულატორმა პირდაპირ გვითხრა, თუ 1000 დასაბეგრი ხელფასის არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტში რა თანხის გადარიცხვა მოუწევდა დამქირავებელს და დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე რამდენის.


ინდ. მეწარმე


აქამდე მარტივი იყო, მაგრამ ყველაფერი რთულდება, როდესაც საქმე ინდივიდუალურ მეწარმეებზე მიდგება.


ინდ. მეწარმეების შემთხვევაში დასაბეგრ შემოსავალს წარმოადგენს - ერთობლივ შემოსავლებსა და გამოქვითვებს შორის სხვაობა. ეს ორივე ტერმინი განსამარტია.


რეზიდენტის შემთხვევაში, ერთობლივი შემოსავალი არის ფიზიკური პირის მიერ ნებისმიერი წყაროდან (საქართველოდან თუ უცხოეთიდან) მიღებული შემოსავლების ჯამი. არარეზიდენტისთვის კი - მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლების ჯამი.


რაც შეეხება გამოქვითვებს. მარტივად რომ ვთქვათ ესაა ის ფული, რომელიც შემოსავლის მისაღებად დახარჯე: სარეკლამო ხარჯები, ძირითადი საშუალებებისა და მარაგების შეძენა და ა.შ. თუმცა გამოქვითვების ნაწილში ძალიან ბევრი წესი და გამონაკლისია, ამიტომ გირჩევდით პირდაპირ საგადასახადო კოდექსში გენახა და წაგეკითხა ეს თავი, რადგან სტატიაში ყველაფერს ვერ ჩავატევთ.


ესეიგი, ინდ. მეწარმეებისთვის დასაბეგრი შემოსავალი გამოდის ყველა წყაროდან მიღებული შემოსავლებისა და ამ შემოსავლების მიღებაზე დახარჯული ფულის სხვაობა. მაგალითი განვიხილოთ.


ნიკა არის ინდ. მეწარმე და აპრილის თვეში მისი ერთობლივი შემოსავლები 100 000-ის ტოლი იყო. ამავე თვეში ნიკამ 20 000 დახარჯა ძირითადი საშუალებების საყიდლად, 30 000 მარაგების, ხოლო 10 000 რეკლამირებაზე. შესაბამისად, აპრილის თვეში მისი დასაბეგრი შემოსავალი შემდეგნაირად გამოითვლება:


100 000 - 20 000 - 30 000 - 10 000 = 40 000


შენიშნეთ, რომ აქ უკვე საპენსიო განაკვეთი აღარ გავითვალისწინეთ, რადგან ამ ტიპის შემოსავალს ის არ ეხება. აპრილის თვეში ნიკას დასაბეგრი შემოსავლები 40 000-ს უდრიდა. ახლა კი საშემოსავლო გამოვთვალოთ, ისევ 20%-ით.


40 000*20%=8000


ნიკა 8000 ლარს თავად (რადგან ინდ. მეწარმეობის შემთხვევაში ის უკვე თავადაა თავისი თავის დამსაქმებელი) გადარიცხავს ბიუჯეტში, ხოლო 32 000 ლარს ჯიბეში ჩაიდებს.


ეს არის და ეს. ახლა დაპირებულ გამონაკლისებზე ვისაუბროთ, ანუ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ან გათავისუფლებულნი არიან ამ გადასახადისგან, ან სპეციალური წესით იბეგრებიან.


საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებულია:


  • პირი, რომლის წლიური შემოსავალი ხელფასის სახით 3000 ლარს არ აღემატება.


  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეები.


  • მარტოხელა დედა.


  • პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში).


  • პირი, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი.


  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამი ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 ათას ლარამდე.


  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.


  • ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.


  • იმ პირის 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, რომელმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

სპეციალური წესით დაბეგვრა


სპეციალური წესით იბეგრებიან ფიზიკური პირები, რომელთაც მცირე ან მიკრო ბიზნესის სტატუსი აქვთ. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გადასახადისგან გათავისუფლებულია, თუ მისი წლიური შემოსავლები 30 000 ლარს არ აღემატება. მცირე ბიზნესი კი 1%-ით იბეგრება თუ მისი წლიური შემოსავალი 500 000 ლარზე ნაკლებია. თუ ამ ზღვარს გადააჭარბა მაშინ იმ წელს მას 3%-იანი გადასახადი ეკუთვნის. თუ კი შემდეგ

წელსაც ზღვარზე მეტი შემოსავლები ჰქონდა, მაშინ ის ვალდებული იქნება მცირე ბიზნესის სტატუსი გააუქმოს.


აქ დავასრულოთ ეს სტატია. მნიშვნელოვანია დაიმახსოვრო, რომ ყოველ დეტალს აქ ვერ მოვიცავთ, ამიტომ საშემოსავლო გადასახადის ყოველი ელემენტის გასაცნობად, გთხოვთ, "საქართველოს საგადასახადო კოდექსი" იხილო.


გადადი ამ ლინკზე, დარეგისტრირდი და გამოიყენე საშემოსავლოსა და საპენსიოს კალკულატორი.



სტატიების სერია საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ


წაიკითხე სხვა სტატიებიც.


Comments


მადლობა! ძალიან მაგარ სტატიებს გამოგიგზავნით ხოლმე.

შემოუერთდი ჩვენს ყოველკვირეულ ბლოგს!

bottom of page